„აქსიოსის“ ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას წიაღისეული რესურსების შესახებ შეთანხმების პროექტის შესწორებული ვერსია გაუგზავნა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას სასარგებლო წიაღისეული რესურსების შესახებ შეთანხმების პროექტის ახალი, შესწორებული ვერსია გაუგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „აქსიოსი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის როგორც უკრაინული, ასევე ამერიკული წყაროები მიიჩნევენ, რომ გარიგება ახლა უფრო სავარაუდოა. ერთ-ერთი წყაროს თქმით, შეთანხმების ახალი ვერსია შეიცავს „მნიშვნელოვან გაუმჯობესებას“ და შეესაბამება უკრაინის კანონმდებლობას.
გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკის რამდენიმე თანაშემწე მოუწოდებს, ხელი მოაწეროს განახლებულ შეთანხმებას, რათა თავიდან აიცილოს ტრამპთან შემდგომი დაპირისპირება.
გამოცემის ცნობით, შეთანხმების ახალი ვერსია ითვალისწინებს „ზელენსკის ზოგიერთ შეშფოთებას“ და, სხვა საკითხებთან ერთად, ამოღებულია დებულება, რომ შეთანხმება ნიუ იორკის სასამართლოს იურისდიქციაში შევა. მანამდე „როიტერი“ ასევე წერდა „გამარტივებული“ გარიგების შესაძლებლობის შესახებ.