„აქსიოსი“ - აშშ-სა და ირანის მომლაპარაკებლებმა პროგრესს მიაღწიეს და ომის დასრულების ჩარჩოშეთანხმების მიღწევას მიუახლოვდნენ
აშშ-ისა და ირანის მომლაპარაკებლებმა პროგრესს მიაღწიეს და ომის დასრულების ჩარჩოშეთანხმების მიღწევას მიუახლოვდნენ, – ამის შესახებ, „აქსიოსის“ ინფორმაციით, ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა.
აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მომლაპარაკებლების გუნდი – ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, თეთრი სახლის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და უფროსი მრჩეველი ჯარედ კუშნერი ირანელებთან და შუამავლებთან სატელეფონო ზარებს ახორციელებდნენ და წინადადებების გაცვლას განაგრძობდნენ.
„ისინი ტელეფონით საუბრობდნენ, ყველა ქვეყანასთან ურთიერთობდნენ და შეთანხმებას უახლოვდებიან“, – თქვა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.
ამასთან, აშშ-ის მეორე ოფიციალურმა პირმაც დაადასტურა პროგრესის მიღწევა.
„ჩვენ გვსურს შეთანხმების მიღწევა და მათი მთავრობის ნაწილს სურს შეთანხმების დადება. ახლა ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ მთელი მთავრობა მივიყვანოთ შეთანხმების მისაღწევად“, – განაცხადა აშშ-ის მესამე ოფიციალურმა პირმა.
პირისპირ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოწურვამდე გაიმართება.