„აქსიოსი“ - აშშ-ის მთავრობის დახურვამ ნატო-სა და უკრაინაში 5 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების იარაღის ექსპორტი შეაფერხა
აშშ-ის მთავრობის დახურვამ ნატო-სა და უკრაინაში 5 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების იარაღის ექსპორტი შეაფერხა. ამის შესახებ „აქსიოსი“ ავრცელებს ინფორმაციას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მთავრობის დახურვა ზიანს აყენებს როგორც აშშ-ის მოკავშირეებსა და პარტნიორებს, ასევე ამერიკულ ინდუსტრიას, რომელიც „ამ კრიტიკული აქტივების უმეტესობას საზღვარგარეთ გზავნის“.
ოფიციალური პირების თქმით, შეჩერებამ გავლენა მოახდინა იარაღის, მათ შორის AMRAAM რაკეტების, Aegis საბრძოლო სისტემების და HIMARS-ის მიწოდებაზე ისეთი მოკავშირეებისთვის, როგორებიცაა დანია, ხორვატია და პოლონეთი.
როგორც აღინიშნა, ექსპორტის საბოლოო დანიშნულების ადგილი გაურკვეველია, თუმცა ნატო-ს მოკავშირეებისთვის მიყიდული იარაღი ხშირად უკრაინის დასახმარებლად გამოიყენება.
დაუმთავრებელი ტრანზაქციები მოიცავს როგორც აშშ-ის მთავრობის მიერ ნატო-ს მოკავშირეებისთვის იარაღის პირდაპირ მიყიდვას, ასევე აშშ-ის კერძო თავდაცვის კომპანიებისთვის იარაღის ექსპორტის ლიცენზირებას.
დახურვის შედეგად სახელმწიფო დეპარტამენტის მრავალი თანამშრომელი, რომელთა მოვალეობაც კონგრესის კომიტეტის თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და პროცესის დასრულების უზრუნველყოფაა, შვებულებაში გაიყვანეს, რამაც სამუშაო შეანელა.