„აქსიოსი“ – აშშ და ირანი კვლავ შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს აღარ შეუტევენ და კატარში ტექნიკურ მოლაპარაკებებს გამართავენ

09:11, 29.06.2026

მედიის ცნობით, აშშ და ირანი კვლავ შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს აღარ შეუტევენ და კატარში ტექნიკურ მოლაპარაკებებს გამართავენ. გამოცემა „აქსიოსი“ იუწყება, რომ ვაშინგტონისა და თეირანის წარმომადგენლები კატარში 30 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაზე ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენის საკითხს განიხილავენ.

ამჟამად ჰორმუზის სრუტე მხოლოდ ნაწილობრივ არის გახსნილი და ირანი გემებისგან გადაადგილების მარშრუტის ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას მოითხოვს. ამას გარდა, თეირანს დასავლეთის ქვეყნებისთვის ჯერ არ მიუცია ჰორმუზის სრუტის სრულად განაღმვის ნებართვა. მედიის ინფორმაციით, ამის გამო გემებს გადაადგილება მხოლოდ ორი ვიწრო მარშრუტით შეუძლიათ.

მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არაერთი განცხადებისა, რომ სრუტე სრულად გაიხსნა, ამ გზით გადაზიდვების მოცულობა კვლავაც ომამდე არსებული მაჩვენებლის ნახევარზე ნაკლებს შეადგენს.

ცნობისთვის, 26-27 ივნისს, მიუხედავად გამოცხადებული ზავისა, აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირება განახლდა. აშშ-მა ირანის რამდენიმე სამხედრო ბაზას შეუტია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტეში მიმავალ ორ კომერციულ გემს შეუტია. თეირანმა განაცხადა, რომ აღნიშნულმა გემებმა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ შეთანხმებული მარშრუტიდან გადაუხვიეს. აშშ-ის დარტყმების საპასუხოდ, ირანმა დარტყმები მიიტანა აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ქუვეითსა და ბაჰრეინში. „უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ბაჰრეინში მდებარე სამხედრო ობიექტი მნიშვნელოვანად დაზიანდა. დარტყმების შემდეგ ორივე მხარე ზავის შეწყვეტით დაიმუქრა. ოფიციალურად ირანსა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8 აპრილიდან მოქმედებს, თუმცა მას შემდეგ ის არაერთხელ დაირღვა.

მსგავსი