„აქსიოსი“ - ანკარაში სტივ უიტკოფის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჰაკან ფიდანის სამმხრივი შეხვედრა არ შედგა, ზელენსკი აშშ-ის ახალი „სამშვიდობო გეგმის“ განხილვით არ დაინტერესდა
„აქსიოსი“ - ანკარაში სტივ უიტკოფის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჰაკან ფიდანის სამმხრივი შეხვედრა არ შედგა, ზელენსკი აშშ-ის ახალი „სამშვიდობო გეგმის“ განხილვით არ დაინტერესდა

უკრაინაში ომის დასასრულებლად კატარი და თურქეთი შეერთებული შტატების ახალი „სამშვიდობო გეგმის“ შემუშავებაში იღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „აქსიოსი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კატარისა და თურქეთის შუამავლობა დაეხმარა ღაზაში ომის დასრულებას და შესაძლოა, დაეხმაროს უკრაინაში ომის დასრულებას“, – განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ გამოცემას.

წყაროების ცნობით, კატარიდან ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და უკრაინის თავდაცვის მდივანს, რუსტემ უმეროვს შორის შეერთებულ შტატებში გამართულ მოლაპარაკებებში.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ანკარაში ვიზიტს გეგმავდა, სადაც სამმხრივი შეხვედრა უნდა გამართულიყო უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან,  თუმცა საბოლოოდ შეხვედრა არ შედგა, რადგან უკრაინის პრეზიდენტი არ იყო დაინტერესებული შეერთებული შტატების ახალი „სამშვიდობო წინადადების“ განხილვით.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ახალი „სამშვიდობო გეგმა“ 28 პუნქტისგან შედგება და უკრაინაში ომის შეწყვეტას ითვალისწინებს.