„აქსიოსი“ - აბუ დაბიში, აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, უკრაინასა და რუსეთს შორის ორმხრივი მოლაპარაკებებიც გაიმართა
„აქსიოსი“ - აბუ დაბიში, აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, უკრაინასა და რუსეთს შორის ორმხრივი მოლაპარაკებებიც გაიმართა

აბუ დაბიში უკრაინასა და რუსეთს შორის არა მხოლოდ აშშ-ის მონაწილეობით სამმხრივი, არამედ ორმხრივი მოლაპარაკებებიც გაიმართა, – ამის შესახებ სტატიას „აქსიოსი“ აქვეყნებს.

გამოცემა ამ ინფორმაციას ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, შაბათს ამერიკელმა შუამავლებმა ერთობლივი შეხვედრები გამართეს რუს და უკრაინელ მომლაპარაკებლებთან, ხოლო რუსული და უკრაინული მხარეები ასევე შეხვდნენ პირდაპირ, ამერიკელების დასწრების გარეშე.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ორდღიანი მოლაპარაკებების დროს ყველა საკითხი განიხილეს – რუსეთის ტერიტორიული მოთხოვნები დონბასში, დავა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით და დეესკალაციის ნაბიჯები.

„ყველაფერი განიხილეს. არცერთი მხრიდან არავის შერცხვენია დისკუსიების. ჩვენ არცერთი განსახილველი საკითხი არ გამოვტოვეთ და არავისზე ზეწოლა არ დაგვჭირვებია. ოთახში დიდი პატივისცემა დავინახეთ, რადგან ისინი გულწრფელად ეძებდნენ გამოსავალს“, – თქვა ერთ-ერთმა ამერიკელმა ჩინოვნიკმა.

„ყველაფერი ისე კარგად წარიმართა, როგორც მოსალოდნელი იყო. კმაყოფილი ვართ იმით, სადაც ახლა ვართ“, – განაცხადა მეორე ამერიკელმა ჩინოვნიკმა.

უკრაინელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით კი, მიუხედავად იმისა, რომ „მნიშვნელოვანი პროგრესი“ იქნა მიღწეული, ჯერ კიდევ გაურკვეველია, ნამდვილად სურს თუ არა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება და მისცემს თუ არა ის თავის მომლაპარაკებლებს შეთანხმების მიღწევის უფლებამოსილებას.

ცნობისთვის, 23-24 იანვარს აბუ დაბიში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებები დასრულდა. მედიის ცნობით, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, კვლავ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, პირველ თებერვალს შედგება.