აქსელ ფიშერი – საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები არ უნდა გადაწყდეს ძალადობით, მოვუწოდებ ყველას, საკითხები მხოლოდ მოლაპარაკების გზით განიხილონ, სახელმწიფო ინსტიტუტებზე იერიში მიუღებელია

21:06, 09.11.2020

ბუნდესტაგის წევრი, აქსელ ფიშერი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია.

როგორც ფიშერი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, საქართველოს წარმატებული, ევროპული მომავლის შენებაში დემოკრატია, კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია.

მისივე თქმით, გამოწვევები, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას, ძალადობით და დაყოფით არ უნდა გადაწყდეს. აქსელ ფიშერი მოუწოდებს ყველა მხარეს, ყველა საკითხი მხოლოდ კანონის უზენაესობის ჩარჩოში განიხილონ.

„შეშფოთებული ვარ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. საქართველოს წარმატებული ევროპული მომავლის შენებაში დემოკრატია და კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია. ეს ძირითადი პრინციპები ყველა პარტიისთვის და მოქალაქისთვის ვალდებულებაა. გამოწვევები, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას, არ შეიძლება და არ უნდა გადაწყდეს ძალადობით და დაყოფით.

სამომავლო პოლარიზაცია მხოლოდ გააღრმავებს კონფლიქტს. მოვუწოდებ ყველა მხარეს, ყველა საკითხი მხოლოდ კანონის უზენაესობის ჩარჩოში განიხილონ, მოლაპარაკების და კონსესუსის გზით, რათა თავიდან აირიდონ ძალადობის ნებისმიერი აქტი, რაც საქართველოს სახელმწიფოსა და დემოკრატიას დააზიანებს. სახელმწიფო ინსტიტუტებზე იერიში მიუღებელია“, – წერს აქსელ ფიშერი.

მსგავსი