აქციის მონაწილემ სტუდენტებს პირველ გიმნაზიასთან აქციის გამართვა შესთავაზა, რასაც ერთ-ერთი ორგანიზატორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად იმართება, აქციის მონაწილე ერთ-ერთმა სტუდენტმა აქციაზე მყოფ სტუდენტებს მოუწოდა, აქცია პირველი კლასიკური გიმნაზიის ეზოში გაემართათ.

როგორც გამომსვლელმა აღნიშნა, ისინი ზაზა სარალიძის გვერდით დგანან, თუმცა ემიჯნებიან პარტიულობას.

„ჩვენ ვართ ის სტუდენტები, რომლებიც მოვედით აქ, რათა გავემიჯნოთ პარტიულობას. ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს წრფელად და გვერდში ვუდგებით ზაზა სარალიძეს. ახლა კი, როდესაც აქ მოვედით, წავაწყდით დაბრკოლებებს. მოგიწოდებთ იმ 10 ათას სტუდენტს, რომელიც ჩვენთან ერთად მოხვედით აქ, გადავინაცვლოთ პირველი გიმნაზიის ეზოში და ჩვენ აქცია ცალკე გავმართოთ. გავემიჯნოთ ყველანაირ პარტიულობას და ნურავინ იმანიპულირებს ჩვენით”, – განაცხადა გამომსვლელმა.

აქციის წამყვანმა, სტუდენტ გოგონას მიკროფონი ჩამოართვა და თქვა: „ორი წუთით გავედი და ვიღაც სუს-ის აგენტი შემოპარულა, ბოდიში. მე ვიხდი ბოდიშს, დღეს აქ ვდგავართ ერთად, ამაყად, ძლიერად, ვდგავართ ბოლომდე და ეს იცოდეს ყველამ”.