აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ ვარდები მიიტანეს
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ ვარდები მიიტანეს

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა ღამით წითელი ვარდები მიიტანეს.

ვარდები პარლამენტის წინ გაშლილ კარვებზე დაამაგრეს.

როგორ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მიშა მშვილდაძემ განაცხადა, მისთვის უცნობია, ვინ მიიტანა ვარდები აქციაზე. მისივე განმარტებით, ვარდები შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა მიიტანეს.

„შესაძლოა, იმ ადამიანებმა, ვინც მოიტანეს ეს ვარდები, რევოლუციური განწყობის მოლოდინიც აქვთ. ჩვენთან არიან ბევრი პარტიის მხარდამჭერები, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“. შესაძლოა, ზუსტად ეს ხალხი არიან, ვინც მოიტანეს ვარდები. ​ვგულისხმობ, რომ 23 ნოემბერიც ახლოვდება“, – განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს რევოლუციურ გზას, მშვილდაძემ განაცხადა, რომ ის ევოლუციურ გზას უჭერს მხარს.

„სიმართლე გითხრათ, მე ევოლუციურ გზას ვუჭერ მხარს და შევეცდებით, ევოლუცია განვიცადოთ ჩვენ ყველამ. რევოლუციაც თავის მხრივ არის აბსოლუტურად ლეგიტიმური სიტყვა და მოსახლეობას აქვს ლეგიტიმური და კანონიერი აჯანყების უფლება, როცა ხელისუფლება ტოვებს კანონიერ ჩარჩოებს, მაშინ მოსახლეობის მოვალეობაა აჯანყება. ასე წერია დემოკრატიის სახელმძღვანელოებში. ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ ამ სიტყვების. უბრალოდ ვენდოთ ერთმანეთის გონიერებას. აქ არავის გვინდა ძალისმიერი მოვლენები და სცენარები. ჩვენ გვინდა პროპორციული არჩევნები“, – აღნიშნა მიშა მშვილდაძემ.