ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს პარლამენტის პიკეტირებისა და სირცხვილის დერეფნების მოსაწყობად ემზადებიან.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ არსებულ ღობეზე კრემლის ბანერი გააკრეს. ბანერს აქვს წარწერა „შეცვალე“.
აქციის მონაწილეების თქმით, თბილისის მერიამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მწვანე ღობით შემოსაზღვრა, რომ აქცია არ ჩატარებულიყო და სწორედ ამიტომ გააკრეს კრემლის ბანერი.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, ისინი გეგმავენ პარლამენტის შენობასთან სირცხვილი კორიდორის მოწყობას.
„დღეს იწყება საგაზაფხულო სესია პარლამენტში, შესაბამისად, ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა ყველა დეპუტატს ჩავხედოთ თვალებში, რომლებმაც რამდენიმე ხნის წინ საქართველოს მოსახლეობას წაართვეს არჩევნები, წაართვეს ის დაპირება, რომელიც ივანიშვილმა მისცა ქართველ ხალხს. ეს ბრძოლა გაგრძელდება. პარლამენტი არ იქნება ერთადერთი სახელმწიფო უწყება, სადაც ჩვენ შევიკრიბებით, მივალთ მთავრობის ადმინისტრაციასთან, ყველა იმ უწყებასთან, სადაც მათი ოფისები მდებარეობს და არ მივცემთ იმის კომფორტს, რომ თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ბლოკირება გავუკეთეთ კრებს, იქნება სირცხვილის კორიდორი. მათ ექნებათ შესვლის საშუალება პარლამენტში, თუმცა შევლენ ძალიან მაღალი პროტესტის ფონზე“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.