აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს და ქვები მოიმარაგეს

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ჯერ კოსტავას, შემდეგ კი მელიქიშვილის გამზირებზე გადაინაცვლეს და ბოლოს ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველი კორპუსის წინ გაჩერდნენ.

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც გზის რეაბილიტაციის გამო ქუჩა გადათხრილია, აქციის მონაწილეებმა ქვები მოიმარაგეს.

ადგილზე გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია. მოგვიანებით, მას გრიგოლ ვაშაძე, გია ბარამიძე, კობა ნაყოფია, შალვა შავგულიძე, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია შეუერთდნენ.

პარლამენტთან აქციაზე რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, სპეციალური აღჭურვილობა გამოიყენეს. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, სადაც დღის განმავლობაში აქცია იმართებოდა, დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები გამოჩნდნენ. მათ მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.