აქციის მონაწილეები ერევანში პოლიციის იმ განყოფილებასთან მივიდნენ, სადაც დაკავებული ლიდერები გადაიყვანეს
შენგავიცკის პოლიციის დეპარტამენტთან, სადაც ერევანში დაკავებული აქციის ორგანიზატორები არიან გადაყვანილი, აქციის მონაწილეები მივიდნენ.
როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ამ წუთებში, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა და ექიმები პოლიციის შენობაში შევიდნენ.
სომხეთის პროკურატურა სამი ოპოზიციონერი დეპუტატის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, ნიკოლ ფაშინიანი, არარატ მირზოევი და სასუნ მიკაელიანი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. მათ ბრალად ედებათ სომხეთის კონსტიტუციის მეორე ნაწილის 96-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა.
კერძოდ, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია, საპროტესტო აქციის კანონის მოთხოვნების დარღვევით ორგანიზებაზე. როგორც სომხეთის პროკურატურაში ამბობენ, დეპუტატების დაკავების შესახებ უკვე ინფორმირებულია სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე.
სომხეთის პოლიციის ცნობით, ერევანში მიმდინარე მიტინგებზე 15:00 საათის მონაცემებით, დაკავებულია 192 აქტივისტი.