პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები იკრიბებიან. როგორც მოძრაობა „ერთად სახლში” ერთ-ერთმა წევრმა, ნანა ფეხმაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დღევანდელ აქციას ორგანიზაცია ოპოზიციურ სპექტრთან ერთად ჩაატარებს.
„ერთად სახლშის” ხელმძღვანელმა, სალომე ქელიძემ აწარმოა მოლაპარაკებები აბსოლუტურად ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, ოპოზიციურ გაერთიანებასთან. დღეს ჩატარდება აქცია და შინაარსი იქნება „ყველას მინუს ერთი”. აქედან გამომდინარე, „ერთად სახლში” და ყველა დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი ჩაატარებს ამ აქციას”, – განაცხადა ფეხმაშვილმა.
კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა აქციის ორგანიზატორებთან კონსულტაციები, რადგან გუშინ, პოლიტიკურ ლიდერებს არ მიეცათ ტრიბუნასთან გამოსვლის საშუალება, ფეხმაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერი შეთანხმებულია.
„ეს ყველაფერი არის შეთანხმებული და ყველა ერთად ჩაატარებს ამ აქციას. გუშინდელ ორგანიზატორებს აქვთ პოლიტიკური მოთხოვნები და თუ ითხოვ შს მინისტრის გადადგომას და აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლებას, როგორ შეიძლება ეს მოთხოვნები იყოს აპოლიტიკური?! არასწორია ნარატივი – პოლიტიკოსები არ გვინდა და ა. შ. პოლიტიკოსების გვერდით დგომა ცუდი არ არის, უბრალოდ სწორად უნდა იქნას მოწოდებული ყველა ის ინფორმაცია, რაც დღეს, აქ იქნება გაჟღერებული”, – განაცხადა ნანა ფეხმაშვილმა.