აქციის დაშლისას დაშავებული მამაკაცის მკურნალი ექიმი აცხადებს, მისი კომპეტენცია არ არის, დაადგინოს, როგორ მიიღო პაციენტმა ჭრილობა
აქციის დაშლისას დაშავებული მამაკაცის მკურნალი ექიმი აცხადებს, მისი კომპეტენცია არ არის, დაადგინოს, როგორ მიიღო პაციენტმა ჭრილობა

ალადაშვილის კლინიკის ნეიროქირურგი ზაზა ქობულია 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს დაშავებული 46 წლის მამაკაცის კლინიკაში შეყვანის დეტალებზე საუბრობს.

მისი თქმით, მამაკაცი კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში, თავის არეში გამჭოლი ჭრილობით შეიყვანეს. პაციენტს ადგილზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

ზაზა ქობულია ეხმაურება „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ მის ინტერვიუს, სადაც თითქოს საუბრობს, რომ დაშავებულ მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით, მიბჯენით აქვს მიყენებული. ზაზა ქობულია ამ ინფორმაციას უარყოფს და განმარტავს, რომ მის კომპეტენციაში არ შედის, დაადგინოს, იყო თუ არა ეს მიბჯენითი ჭრილობა, თუმცა აღნიშნავს, რომ მიბჯენითი ჭრილობის დროს მამაკაცს გარშემო აუცილებლად ექნებოდა დამწვრობა, რაც არ აღინიშნებოდა.

„პაციენტი შემოყვანილი იყო სასწრაფო დახმარების მიერ 20 ივნისის ღამეს, დაახლოებით 03:30 საათზე კომატოზურ მდგომარეობაში. გლაზგოს კომის შკალით იყო ცხრა ქულა. აღენიშნებოდა ნაფლეთი ჭრილობა თავის არეში, ქალატვინის ღია ტრავმა. ჩვენ დარწმუნებულები არ ვართ, ეს არის თუ არა ცეცხლსასროლი ჭრილობა და არც შედის ეს ჩვენს კომპეტენციაში. ეს უნდა დაადგინოს ექსპერტიზამ. 29 ივნისს „კურიერში“ გავიდა ინტერვიუ ჟურნალისტთან, რომელიც ამტკიცებდა, თითქოს ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ეს იყო ცეცხლსასროლი ჭრილობა და მიბჯენით. ზუსტად იქ წყდება კადრი, სადაც მე ვუხსნი, რომ იყოს ეს მიბჯენითი ჭრილობა, მაშინ უნდა აღენიშნებოდეს დამწვრობა ჭრილობის გარშემო, ეს კი იყო ნაფლეთი ჭრილობა. ჩემი ეს განცხადება აბსოლუტურად აპოლიტიკურია. მინდა, განვმარტო, რომ ეს ჩემ კომპეტენციას აღემატება. მე ვარ მკურნალი ექიმი, მე მივიღე ეს პაციენტი, ჩავუტარე ოპერაცია და შევაფასე მისი მდგომარეობა“, – განაცხადა ექიმმა, ზაზა ქობულიამ.

კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო პაციენტის გადაყვანა, ექიმმა აღნიშნა, რომ ​სამინისტრომ გადაწყვიტა, გადაეყვანა პაციენტი რეგიონულ კლინიკაში, სადაც გაუგრძელდა მკურნალობა.

„დღეს მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან“, – დასძინა ზაზა ქობულიამ.