აქციის დაშლისას დაშავებული 46 წლის მამაკაცი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს
აქციის დაშლისას დაშავებული 46 წლის მამაკაცი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს დაშავებული 46 წლის მამაკაცი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა, მამაკაცი კონტაქტურია, თუმცა დაკვირვების მიზნით რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კლინიკებში ხუთი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას და ხუთივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ამჟამად კლინიკებში რჩება ხუთი პაციენტი. მათ შორის, რეგიონულ ჰოსპიტალში რჩება სამი პაციენტი. 50 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, მოხსნილია აპარატიდან. პაციენტი არის კონტაქტური, შემოდის ექიმებთან და ოჯახის წევრებთან კონტაქტში. გვრჩება რეანიმაციაში უწყვეტი მონიტორინგის ქვეშ, რათა დაკვირვებები გაგრძელდეს. ასევე, დღეს ერთი პაციენტი უკვე გაემგზავრა ისრაელში, გამთენიისას კიდევ ერთი პაციენტი გაემგზავრება გერმანიაში, მიუნხენის კლინიკაში. მათი მდგომარეობა არის სტაბილური. რაც შეეხება დაფინანსებას, საზღვარგარეთ მკურნალობას რაც კი დასჭირდება, მთლიანად აფინანსებს „ქართუ ფონდი“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.