აქციის დაშლისას დაკავებულთა სასამართლო განხილვა ერთი საათით გადაიდო
აქციის დაშლისას დაკავებულთა სასამართლო განხილვა ერთი საათით გადაიდო

აქციის დაშლისას დაკავებულთა სასამართლო სხდომაზე მოსამართლის გადაწყვეტილებას, სხდომის ერთი საათით გადადების თაობაზე, დარბაზის მხრიდან ხმაური მოჰყვა. როგორც დარბაზში მსხდომი პირები აცხადებდნენ, პროცესი მოსამართლემ ხელოვნურად გააჭიანურა.

18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ექვსი პირის სასამართლო პროცესი დამატებითი მტკიცებულების მოპოვების მიზეზით გადაიდო.

ამასთან აქციაზე დაკავებულ ბექა ბასილაიას და ადმინისტრაციული საქმის განმხილველ მოსამართლე ვალერიან ფილიშვილს შორის სასამართლოზე მცირე სიტყვიერი შეკამათებაც მოხდა. ბასილაიამ განაცხადა, ვინც არ უნდა იყოს მოსამართლე, საქმეზე გადაწყვეტილება იმ დარბაზში არ მიიღება. ამის შემდეგ მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა ბექა ბასილაიას მიმართა, ნუ აყენებდა მოსამართლეს შეურაცხყოფას, წინააღმდეგ შემთხვევაში დარბაზს დაატოვებინებდა და სხდომა მის გარეშე გაგრძელდებოდა.

მოსამართლის აცილებას ითხოვდნენ სხვა დაკავებულების ადვოკატებიც, თუმცა მოსამართლემ განაცხადა, რომ ამ შუამდგომლობის ავტორები ვერ ასაბუთებენ.

სასამართლოს სხდომაზე დაკავებულებმა გიორგი ბუნტურმა, ლუკა ჭიჭინაძემ და ასევე ზურაბ ბერძენიშვილმა განაცხადეს, რომ მათი დაკავებების დროს სამართალდამცველებმა მიაყენეს დაზიანებები, რაც მედიკოსებმაც დააფიქსირეს.

სასამართლო ელგუჯა ბაგრატიონის, გურამ მჭედლიშვილის, ბექა ბასილაიას, ზუკა ბერძენიშვილის, გიორგი ბუნტურის და ლუკა ჭიჭინაძის საქმეს განიხილავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.