აქციაზე ხალხის სიმცირის გამო, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი იმედგაცრუებას გამოხატავენ
აქციაზე ხალხის სიმცირის გამო, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი იმედგაცრუებას გამოხატავენ

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციას მართავენ.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციაზე ხალხის სიმცირის გამო, იმედგაცრუებას გამოხატავენ.

„ცოტა არ იყოს, იმედი დამეკარგა. საქართველო კი არა, პატარა სოფლის მოსახლეობაც არ გამოდის. გამოდით, გააპროტესტეთ. მართალია, არ გიგემიათ ის, რაც მე და სარალიძემ ვიგემეთ. მეგონა, გამოხვიდოდით, მაგრამ როგორც ვხედავ, ეს ყველაფერი სხვანაირად ჩანს. გვერდში დაგვიდექით. დასაკარგი დავკარგეთ, ამის შემდეგ არც მე და არც ზაზას დასაკარგი არაფერი გვაქვს. რასაც ვაკეთებთ, მომავალი თაობის მშვიდობისთვის ვაკეთებთ. ჩვენს შვილებს ვერ გავაცოცხლებთ. მადლობა ყველას, ვინც მოხვედით. ხალხი გამოვა, არ გამოვა, ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, როგორი ადამიანი დგას შენ გვერდით. აქციის გამართვა მე და ზაზას მარტო რომ მოგვიწიოს, გავმართავთ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ზაზა სარალიძემ მოქალაქეებს მოუწოდა, რუსთაველის გამზირზე მივიდნენ და მას მხარი დაუჭირონ.

„დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებს უთქვამთ, ზაზა სარალიძის მოთხოვნები გადაჭარბებულიაო, მინდა მათ მივმართო, ჩემი შვილის მკვლელის დასჯას რომ ვითხოვ, ეს არის გადაჭარბებული? ეს არის გადაჭარბებული მოთხოვნა? მოდით ხალხო და დადექით აქ, მადლობა ვინც აქ ხართ და დგახართ ჩემ გვერდით“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

პარლამენტის შენობასთან აქციაზე „ევროპული საქართველოს“ წევრები დავით ბაქრაძე და ოთარ კახიძე იმყოფებიან.

შეგახსენებთ, ზაზა სარალიძემ აქციები გუშინ რუსთაველის გამზირზე განაახლა. როგორც ზაზა სარალიძე აცხადებს, მათი მთავარი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენაა.