აქ ჩამოსული ქვეყნებისთვის სამაგალითოები ხართ - საქართველოში რაგბი ევროპის 18-წლამდე ჩემპიონატი იწყება #1TVSPORT
პირველიდან 10 ოქტომბრამდე, საქართველო 18-წლამდელთა რაგბი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართა ტურნირის წინა პრესკონფერენცია. მოახლოებული ჩემპიონატის შესახებ მედიასთან ისაუბრეს შეჯიბრების დირექტორმა, რაგბი ევროპის წარმომადგენელმა ადრი ვან დერ პლასმა და საქართველოს რაგბის კავშირის ოპერაციების დირექტორმა ლექსო გუგავამ. 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოში პირველად იმართება. თამაშები თბილისის „რაგბი პლატოზე“ და რუსთავის „ხარები არენაზე“ გაიმართება.
უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა ის 26 მორაგბე შეარჩია, ვინც 1-9 ოქტომბერს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად იბრძოლებს. გუნდი პირველ შეხვედრას 2 ოქტომბერს რუსთავში ჩეხეთთან 16:15 წუთზე გამართავს.
ადრი ვან დერ პლასი, ტურნირის დირექტორი: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ტურნირი საქართველოში ტარდება, რადგან 18-წლამდე ჩემპიონატი არის ყველაფრის საწყისი. 18- და 20-წლამდე ტურნირები ისეთი ასაკობრივი ჩემპიონატებია, რომლებიც ახალგაზრდა მოთამაშეებს გზას ეროვნული ნაკრებისკენ უხსნის. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, აქ ჩამოსული ქვეყნებისთვის ის სამაგალითოა და სწორება სწორედ მასზე აქვთ. ჩვენთვის პატივია საქართველოში რომ ვიმყოფებით, ქვეყანაში სადაც რაგბი ძალიან განვითარებულია“.
ლექსო გუგავა, საქართველოს რაგბის კავშირის ოპერაციების დირექტორი: „საქართველოში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის გამართა ჩვენთვის დიდი გამოწვევა იყო და მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღეთ. ბევრს ნიშნავს, რომ ჩამოსული გუნდებისთვის მაგალითის მიმცემები ვართ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქართული რაგბი სწორი გზით ვითარდება. ევროპის ჩემპიონატი კიდევ ერთი გამოწვევა და გამოცდილება იქნება“.