ანზორ მექვაბიშვილი - საუკეთესოდ დასახელება კარიერაში წინსვლის შანსია #1TVSPORT
თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა, ანზორ მექვაბიშვილმა საქართველოს პირველ არხთან 2022 წლის სეზონზე ისაუბრა, რომელიც პირადად მისთვის და მისი გუნდისთვის საშინაო არენაზე წარმატებული გამოდგა.
21 წლის ნახევარმცველი GFF Awards 2022-ზე წლის საუკეთესო ნახევარმცველების ნომინანტებში მოხვდა – მექვაბიშვილმა ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში 30 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მექვაბიშვილი წლის საუკეთესო ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. ვილი სანიოლი მას სისტემატურად იწვევს ეროვნულ ნაკრებში, რომლის ფორმითაც უკვე 7 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
„მძიმე სეზონი გვქონდა. მიუხედავად სირთულეებისა, „დინამო“ ჩემპიონი გახდა. წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელება ჩემთვის საამაყოა და ამასთნავე, დიდი პასუხისმგებლობაცაა.
მიმაჩნია, რომ ეს ჯილდო არა მხოლოდ მე, არამედ „დინამო თბილისს“ ეკუთვნის, რომელმაც მთავარი როლი ითამაშა ჩემს აღზრდაში. რა თქმა უნდა, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელება ბევრს ნიშნავს და კარიერაში წინსვლის შანსიცაა.
ჩემი ოცნება და მიზანი კიდევ უფრო მეტად განვითარება და მეტის მიღწევაა, რათა ნდობა გავამართლო, ამიტომ შრომას გავაგრძელებ. ახალ 2023 წელს დიდი იმედებით ველოდები.“
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველით პოლონეთის ვიცე-ჩემპიონი „რაკოვი“ და ნიდერლანდური „ვიტესი“ დაინტერესდნენ.