ანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდაზე დაკრძალავენ
ანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდაზე დაკრძალავენ

ანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„გუშინ, საქართველომ დაკარგა გენიალური ფოლკლორისტი, ქართული ხალხური მუსიკის მოამაგე და საზოგადო მოღვაწე – ბატონი ანზორ ერქომაიშვილი. მისი ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე მართლაც რომ ფასდაუდებელია.

ანზორ ერქომაიშვილმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ხალხურ მრავალხმიან მუსიკას, ჩვენს ყველაზე ძვირფას საგანძურს და მთელ მსოფლიოს გააცნო ქართული მუსიკისა და გენის სიდიადე. ბატონი ანზორის გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია, თუმცა, მჯერა, იმ საქმეს, რომელსაც მან მთელი სიცოცხლე მიუძღვნა, ღირსეულად გააგრძელებენ მისი აღზრდილი თაობები.

კიდევ ერთხელ გამოვთქვამ უდიდეს მწუხარებას ბატონი ანზორის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელ საქართველოს“, – აღნიშნა პრემიერმა.

ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში 31 მარტს გარდაიცვალა. ანზორ ერქომაიშვილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით იყო მოთავსებული. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ანზორ ერქომაიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. ჯერ კიდევ სტუდენტმა დაიწყო გურული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების გადატანა ნოტებზე. კონსერვატორიაში დააარსა ამ სიმღერების შემსწავლელი ვოკალური ანსამბლი „გორდელა“.

1968 წლიდან იყო ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული შვიდი ქართული (გურული) ხალხური სიმღერა. გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღერები“. ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“, „შავი შაშვი ჩიოდა“.

მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის; ასევე, მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია.