ანტონიუ კოშტა - ევროკავშირი დანიასა და გრენლანდიას სოლიდარობას უცხადებს, ტარიფები ძირს გამოუთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს, ევროპა დარჩება გაერთიანებული და ერთგული სუვერენიტეტის დაცვაში
ტარიფები ძირს გამოუთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კოშტა აღნიშნავს, ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს დანიასა და გრენლანდიას.
„ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებია. ისინი აუცილებელია ევროპისთვის და მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ჩვენ მუდმივად ხაზს ვუსვამთ ჩვენს საერთო ტრანსატლანტიკურ ინტერესს არქტიკაში მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხში, მათ შორის ნატო-ს მეშვეობით.
დანიის მიერ წინასწარ კოორდინირებული წვრთნა, რომელიც მოკავშირეებთან ერთად ტარდება, პასუხობს არქტიკის უსაფრთხოების გაძლიერების საჭიროებას და არავისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს. ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს დანიასა და გრენლანდიის მოსახლეობას. დიალოგი კვლავ აუცილებელი რჩება და ჩვენ ვართ ერთგული, განვავითაროთ პროცესი, რომელიც დანიის სამეფოსა და აშშ-ს შორის გასულ კვირას დაიწყო.
ტარიფები ძირს გამოუთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და დაღმავალი სპირალის წარმოქმნის საფრთხეს შექმნის. ევროპა დარჩება გაერთიანებული, კოორდინირებული და ერთგული თავისი სუვერენიტეტის დაცვაში“, – წერს ანტონიუ კოშტა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს. ბრძანება ძალაში 2026 წლის პირველი თებერვლიდან შევა.