ანტონიუ გუტერეში - მსოფლიო კლიმატური ჯოჯოხეთის გზაზეა
ანტონიუ გუტერეში - მსოფლიო კლიმატური ჯოჯოხეთის გზაზეა

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ მსოფლიო კლიმატური ჯოჯოხეთის გზაზეა. ამის შესახებ ანტონიუ გუტერეშმა ეგვიპტეში მიმდინარე გაერო-ს კლიმატურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა სამიტის მონაწილეებს მიმართა და უთხრა, რომ ისინი გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგანან, იმუშაონ ერთად გამონაბოლქვის შესამცირებლად ან გაწირონ მომავალი თაობები კლიმატური კატასტროფისთვის.

„კაცობრიობამ უნდა აირჩიოს: ითანამშრომლოს ან გაქრეს“, – აღნიშნა გუტერეშმა.

მან საერთაშორისო საზოგადოებას წიაღისეული საწვავიდან ენერგიის განახლებულ წყაროებზე გადასვლის დაჩქარებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ კლიმატური ჯოჯოხეთის გზატკეცილზე ვართ და ფეხი ჯერ კიდევ სიჩქარეზე გვიდგას. გაერო-ს კლიმატური კონფერენცია გვახსენებს, რომ პასუხი ჩვენს ხელშია, დრო კი მიდის – ჩვენ ჩვენი სიცოცხლისთვის ვიბრძვით და ვმარცხდებით. სათბური აირების გამონაბოლქვის მოცულობა იზრდება, გლობალური ტემპერატურა ზრდას განაგრძობს და ჩვენი პლანეტა სწრაფად უახლოვდება გარდამტეხ მომენტს, რომლის შემდეგაც კლიმატური ქაოსი შეუქცევადი იქნება“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

როგორც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ კუთხით მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას – აშშ-ისა და ჩინეთს ეკისრება.