ლონდონის „ჩელსის“ მცველმა ანტონიო რიუდიგერმა კონტრაქტი გააფორმა მადრიდის „რეალთან“, – იტყობინება გამოცემა The Athletic.
წყაროს ცნობით, გერმანელმა მადრიდულ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა ხელშეკრულება და ახალ კლუბს მომავალი სეზონიდან შეუერთდება. აღნიშნავენ, რომ მცველის ხელფასი წელიწადში 9-10 მილიონ ევროს გაუტოლდება.
რიუდიგერმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება. გერმანელის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 400 მილიონი ევრო ჩაიწერა.
როგორც ირკვევა, „რეალი“ რიუდიგერის ტრანსფერის შესახებ, ოფიციალურად, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გამოაცხადებს, რომელიც 28 მაისს გაიმართება.
პრემიერლიგის წლევანდელ გათამაშებაში რიუდიგერმა 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.