ანტონიო კონტემ მუქარის წერილი და კონვერტით ტყვია მიიღო
ანტონიო კონტემ მუქარის წერილი და კონვერტით ტყვია მიიღო

მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე უსიამოვნო სიტუაციაში მოხვდა. იტალიელ სპეციალისტს გაუგზავნეს შეტყობინება, რომელშიც უცნობებმა მუქარის სიტყვები ჩაწერეს, აგრეთვე კონვერტში პისტოლეტის ტყვია მოათავსეს. ამის შესახებ „ფუტბოლ იტალიამ“ (Football Italia) დაწერა.

მილანის პოლიციამ სასწრაფოდ დაიწყო ამ ინციდენტზე გამოძიება და კონტეს დაცვა მიუჩინა. გარდა ამისა, „ინტერის“ ხელმძღვანელობამ პირადი დაცვა დაიქირავა, რომელსაც მწვრთნელის სახლთან და კლუბის საწვრთნელ ბაზასთან განათავსებენ.

აღნიშნავენ, რომ ანტონიო კონტეს ეს მუქარა, შესაძლოა, თავისი ყოფილი კლუბის, „იუვენტუსის“ ფანების დაჯგუფებისგან მიეღო, რომლებმაც ნეგატიურად აღიქვეს მწვრთნელის წასვლა „ინტერში“.

კონტე „ინტერში“ ამა წლის მაისში მივიდა. სერია A-ს 12 ტურის შემდეგ, მილანური გუნდი მეორე ადგილს ფლობს გათამაშების ცხრილში და ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ „იუვენტუსს“.