„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარაში“ გუნდს არ დატოვებს.
„პრეზიდენტმა დამარწმუნა, რომ ხვიჩა გუნდში დარჩება. და ამით მე ძალიან კმაყოფილი ვარ. კვარაცხელია გუნდის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. დიდი მადლობა კლუბს სწორად მოქმედებისთვის. კლუბმა გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა“, – ციტირებს კონტეს სიტყვებს Sky Sport Italia.
„მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩას ტრანსფერით პსჟ იყო დაინტერესებული. პარალელურად, „ნაპოლიმ“ გამოთქვა მზადყოფნა, კვარაცხელიას ხელფასი სამჯერ გაზარდოს, თუ ის დათანხმდება ხელშეკრულების გაგრძელებას 2029 წლის ივნისამდე, – იუწყება Corriere dello Sport-ი.
აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას კონტრაქტის პირობები არ შეცვლილა 2022 წლის ზაფხულში ბათუმის „დინამოდან“ გადასვლის შემდეგ. გარემარბი სეზონში 1,5 მილიონ ევროს იღებს და გუნდის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი მოთამაშეა. სწორედ ეს უბიძგებს მას პსჟ-ში გადასვლისკენ.
„ნაპოლი“ ხვიჩას პრემიების გარეშე 5 მილიონ ევრომდე ხელფასის გაზრდას სთავაზობს. პსჟ კი მზად არის, კვარაცხელიას ტრანსფერში 110 მილიონი ევრო გადაიხადოს, თავად ფეხბურთელს კი სეზონში 11 მილიონ ევროს სთავაზობს“.