ანტონიო კონტე ინტერის შანსებზე - ლევერკუზენს ბურთი არ უნდა დავანებოთ
„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მედიასთან შეხვედრაზე „ლევერკუზენთან“ და ზოგადად, ევროპალიგაზე საკუთარი გუნდის შანსებზე ისაუბრა.
„კარგ გუნდს ვეთამაშებით, რომელსაც რამდენიმე სწრაფი ფეხბურთელი ჰყავს. დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ მეტოქის კონტრშეტევების დროს,“ – ციტირებს კონტეს უეფას ოფიციალური ვებგვერდი, – „ამასთან, „ინტერმა“ ის ფეხბურთი უნდა ანახოს, რომელიც ყველაზე კარგად გამოსდის – მოწინააღმდეგეს ბურთის ფლობაში უნდა ვაჯობოთ და საგოლე მომენტებიც მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ყოველდღიურად ბევრს ვმუშაობთ, რომ არამარტო გერმანელებთან შეხვედრაში, არამედ ევროპალიგაზე გამარჯვება მოვიპოვოთ“.
„ინტერის“ და „ლევერკუზენის“ შეხვედრა დღეს, 10 აგვისტოს დიუსელდორფში 23:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ევროპალიგა 1/4-ფინალური ეტაპიდან „რვათა ფინალის“ ფორმატში, გერმანიაში გაიმართება. მინი-ტურნირს ქვეყნის ოთხი ქალაქი: გელზენკირხენი, დიუსელდორფი, დუისბურგი და კიოლნი მიიღებს. მეოთხედფინალები 10 და 11 აგვისტოს გაიმართება, 1/2-ფინალი – 16 და 17 აგვისტოს, ხოლო ფინალურ შეხვედრას 21 აგვისტოს კიოლნი უმასპინძლებს.