ანტონიო გუტიერეში აცხადებს, რომ მსოფლიო ლიდერებმა კლიმატის ცვლილების გამო საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოაცხადონ
ანტონიო გუტიერეში აცხადებს, რომ მსოფლიო ლიდერებმა კლიმატის ცვლილების გამო საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოაცხადონ

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში აცხადებს, რომ მსოფლიო ლიდერებმა კლიმატის ცვლილების გამო საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოაცხადონ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

განცხადება გუტიერეშმა პარიზის შეთანხმების მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ სამიტზე გააკეთა.

„ვინმეს კიდევ შეუძლია, უარყოს, რომ ჩვენ საგანგებო მდგომარეობის წინაშე ვართ? ამიტომ, დღეს მსოფლიოს ლიდერებს მოვუწოდებ, საკუთარ ქვეყნებში კლიმატის ცვლილებების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადონ, ვიდრე ნახშირბადის ნეიტრალურ დონეს არ მიაღწევენ“, – აღნიშნა გუტიერეშმა.

გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, „კოვიდ-19“-თან გამკლავების მიზნით გაცემული ფინანსური დახმარებები, კლიმატისთვის ნაკლებად საზიანო მიმართულებების განვითარებას უნდა მოხმარდეს.

„როიტერი“ წერს, რომ ვირტუალურ სამიტზე ვიდეომიმართვებით გამოვიდნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინიც.