ანტონ თოლორდავა - „თელავი“ ბრძოლისუნარიანი კლუბი იყო და წელს ასევე იქნება #1TVSPORT
„თელავის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანტონ თოლორდავამ მოახლოებული სეზონისთვის გუნდის მზადებასა და იმედებზე ილაპარაკა.
ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის „თელავი“ თბილისში, დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში ემზადება. ფინანსური მდგომარეობის გამო „თელავი“ წამყვანი მოთამაშეების ნაწილმა და მთავარმა მწვრთნელმა დატოვეს, გიორგი მიქაძის შემცვლელის, გიორგი ჭელიძის განკარგულებაში 25 ფეხბურთელია.
კვლავ „თელავის” ღირსებას დაიცავს 25 წლის თოლორდავა, რომლის თქმითაც, შემოთავაზებები ჰქონდა უცხოეთიდან და საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდებიდან.
„ამ ეტაპზე, „თელავში“ დარჩენა გადავწყვიტე, რადგან ამ კლუბთან ბევრი მაკავშირებს, ერთად გამოვიარეთ თითქმის ყველაფერი, თუმცა მაინც ასე ვიტყვი:: ჩემი გუნდში დარჩენის მთავარი ფაქტორი სოსო გრიშიკაშვილი და მასთან ურთიერთობაა – მას რომ ვუყურებ, როგორ უყვარს ფეხბურთი, თავისი გუნდი და საქმე, სხვანაირად არ შემეძლო, გვერდში არ დავდგომოდი. „თელავი“ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ფაქტობრივად, ჩემი მეორე ოჯახია, სადაც გავიზარდე, როგორც პიროვნულად, ისე პროფესიონალ ფეხბურთელად“, – ამბობს ანტონ თოლორდავა.
მან გუნდიდან წასულ ფეხბურთელებზე, ახალწვეულებსა და მოლოდინებზე ისაუბრა:
„მადლობა იმ ბიჭებს, რომლებმაც კლუბის განვითარებასა და წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. წარმატებებს ვუსურვებ მათ. ახალწვეულებსაც, რა თქმა უნდა, მინდა, ვუსურვო წარმატებები. ახალი მწვრთნელის ფაქტორი ნამდვილად მნიშვნელოვანია და ვცდილობთ, მწვრთნელის მითითებები შევასრულოთ – პირადად მე, ძალიან მომწონს ეს ინტენსივობა და მოტივაციის ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივი. დარწმუნებული ვარ, ბიჭებიც ასევე არიან. მოახლოებულ სეზონში გულშემატკივრებს ვპირდებით – „თელავი“ ბრძოლისუნარიანი კლუბი იყო და წელს ასევე იქნება. ამავდროულად, ვეცდებით, კიდევ უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ“.