ანტიტერორისტული ოპერაციისას დაზიანებული კორპუსის შემოწმება დღეიდან დაიწყება
ანტიტერორისტული ოპერაციისას დაზიანებული კორპუსის შემოწმება დღეიდან დაიწყება

თბილისის მერი, კახა კალაძე ბერი გაბრიელ სალოსი ქუჩაზე  ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაზიანებულ კორპუსში გუშინ იმყოფებოდა.

კალაძის განცხადებით, საგამოძიებო უწყებებმა დაასრულეს მუშაობა, რის შემდეგაც ბინებში უკვე დასუფთავების სამსახური შევიდა და დაზიანებული საცხოვრებლები დაასუფთავა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, 8 დეკემბრიდან ადგილზე თბილისის მერიის ლაბორატორიის წარმომადგენლები მივლენ და შეამოწმებენ კორპუსს, რამდენად უსაფრთხოა კორპუსში მოქალაქეების შეშვება.

„თუ სერიოზული პრობლემები იქნება და სახლი ავარიულია, შესაბამისად, ჩვენ განვახორციელებთ სამუშაოებს, რათა პრობლემები თავიდან იქნას აცილებული. რაც შეეხება სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დავიწყებთ ამის განხორციელებას, მას შემდეგ, რაც  იქნება სრული სურათი შემოწმების შემდეგ“,- აღნიშნა კალაძემ.

კალაძემ მადლობა გადაუხადა ისნის გამგებელს კახა ლაბუჩიძეს. მან ასევ მიმართა კორპუსის მცხოვრებლებს და დაპირდა, რომ მათ პრობლემებს მერია ძალიან მალე მოაგვარებს.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა. სპეცოპერაცია სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.

ოფიციალური მონაცემებით, ლიკვიდირებულია სამი პირი, მათ შორის არის აჰმედ ჩატაევი. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი.