ანტიკორუფციული გამოძიებების სერიის შემდეგ, ზელენსკის უკრაინელების 54 პროცენტი ენდობა
უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 2026 წლის 24 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში „მოხალისეთა კოალიციის“ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ბოლო დროის უკრაინაში ჩატარებული ანტიკორუფციული გამოძიებების, „ფორესტ გამპისა“ და „კართაგენის“ შემდეგ, კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტი (KIIS) ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ მოსახლეობის ნდობის დონით დაინტერესდა. KIIS-ის კვლევის შედეგების თანახმად, ამჟამად ქვეყნის პრეზიდენტს გამოკითხულთა 54 პროცენტი ენდობა, 41 პროცენტი კი უნდობლობას უცხადებს.
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა აღნიშნული კვლევა 2026 წლის 21 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდში ჩაატარა.
KIIS-ის ინფორმაციით, იმ 54 პროცენტიდან, ვინც ზელენსკის ენდობა, 18 პროცენტმა განაცხადა, რომ მას „სრულად“ ენდობა, ხოლო დარჩენილმა 36-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტს „მეტ-ნაკლებად“ ენდობა. აზრთა სხვადასხვაობაა იმ რესპონდენტებს შორისაც, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტს არ ენდობიან: 25 პროცენტი მას „საერთოდ არ“ ენდობა, ხოლო 16 პროცენტი „უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა“.
აღსანიშნავია, რომ ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში ჩატარებული ანალოგიური კვლევის დროს, ზელენსკის 55 პროცენტი ენდობოდა, ხოლო 40 პროცენტი – არა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გასული თვის განმავლობაში ნდობა-უნდობლობის მაჩვენებელი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. ინსტიტუტი განმარტავს, რომ გამოკითხვის საველე ეტაპი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის გამოძიების, „ფორესტ გამპის“ შემდეგ დაიწყო, რის შედეგადაც პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, ირინა მუდრა თანამდებობიდან გადააყენეს.
ამასთან, ინტერვიუების დაახლოებით ნახევარი ჩატარდა 4 სექტემბრის შემდეგ, როდესაც გენერალური პროკურატურის წინააღმდეგ დაიწყო ახალი გამოძიება, სახელწოდებით „კართაგენი“, თუმცა კვლევამ ვერ მოიცვა 14 სექტემბრის შემდგომი მოვლენები, როდესაც ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა კრავჩენკომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის, სემენ კრივონოსის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ შეტყობინებას მოაწერა ხელი.
გამოკითხვა ჩატარდა სატელეფონო ინტერვიუების მეშვეობით, უკრაინის ყველა რეგიონში, მობილური ტელეფონის ნომრების შემთხვევითი შერჩევის გამოყენებით. სულ გამოკითხა 18 წლისა და უფროსი ასაკის 1 003 რესპონდენტი, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები არიან და გამოკითხვის მომენტში უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.