ანსამბლ „რუსთავს“ ანზორ ერქომაიშვლის ნაცვლად გიორგი ნატროშვილი უხელმძღვანელებს 
ანსამბლ „რუსთავს“ ანზორ ერქომაიშვლის ნაცვლად გიორგი ნატროშვილი უხელმძღვანელებს 

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს „რუსთავი“ ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ყავს.

როგორც ანსამბლ „რუსთავში“ აცხადებენ, 50 წლის განმავლობაში ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი იყო, რომელიც მომღერალთა დასის ხელმძღვანელმა, გიორგი ნატროშვილმა შეცვალა.

გიორგი ნატროშვილი ანსამბლ „რუსთავში“ 30 წელია მოღვაწეობს. ის ანსამბლის „მართვე“ აღზრდილია. დამთავრებული აქვს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟრო ფაკულტეტი.

„ანსამბლს წელს 50 წელი შეუსრულდა. მიუხედავად მსოფლიო აღიარებისა და ცნობადობისა, საჭიროა ახლებური ხედვა და განვითარება, ახალი გამოწვევების მიღება და ზოგადად სიახლეები. თუმცა, ჩვენი რეპერტუარი და ფასეულობები უცვლელი დარჩება“,- განაცხადა გიორგი ნატროშვილმა.

რაც შეეხება ანზორ ერქომაიშვილს, ის ანსამბლში რჩება და მუსიკალური ხელმძღვანელი იქნება.

„1968 წლიდან ანსამბლს ვუდგავარ სათავეში. მალე 80 წლის გავხდები. საჭირო იყო ახალი ძალა და შემართება, რაც ახალგაზრდების და ზოგადად მომავალი თაობის პრეროგატივაა. გიორგი ნატროშილის არჩევა დემოკრატიული გზით მოხდა და ანსამბლის წევრებმა სამხატვრო ხელმძღვანელად სწორედ გიორგი აირჩიეს. წარმატებას ვუსურვებ მას. მე ვრჩები ანსამბლში მუსიკალურ ხელმძღვანელად“,-აღნიშნა ანზორ ერქომაიშვილმა.

ანსამბლი „რუსთავი“ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად 1968 წელს დაარსა. თავიდან ანსამბლი მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს მომღერლებს მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა და დღემდე ერთიანი სახელით აგრძელებენ საქმიანობას. დღიდან დაარსებისა ანსამბლს მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში 7000-ზე მეტი კონცერტი აქვს გამართული.

ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ანსამბლი „რუსთავი“ დაჯილდოვებულია ზაქარია ფალიაშვილის (1980), ალბერტ შვაიცერის (1986) და საქართველოს სახელმწიფო (1999) პრემიებით.