ანრი ოხანაშვილი - საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში, წარვადგენთ კანონპროექტს, რომელიც კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში გენერალური პროკურორის არჩევის წესში ცვლილებას ითვალისწინებს
ანრი ოხანაშვილი - საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში, წარვადგენთ კანონპროექტს, რომელიც კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში გენერალური პროკურორის არჩევის წესში ცვლილებას ითვალისწინებს

საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში, საზოგადოებას წარვუდგენთ კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში გენერალური პროკურორის არჩევის წესში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გენერალური პროკურორის არჩევის წესში ცვლილების თანახმად, გენერალური პროკურორი კვალიფიციური უმრავლესობით, ანუ 90 ხმით უნდა აირჩიონ.

ოხანაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გენერალური პროკურორის არჩევა 90 ხმით ვერ მოხდება, შესაძლებელი იქნება მისი არჩევა 76 ხმით, თუმცა გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წლით განისაზღვრება და ეს წესი უნდა მოქმედებდეს მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის ფარგლებში.

„საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში, საზოგადოებას დღეს წარვუდგენთ კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში გენერალური პროკურორის არჩევის წესში ცვლილების შეტანას. იცით, რომ ამ ინიციატივის საფუძველი გახდა თავის დროზე შარლ მიშელის მონაწილეობით წარმართული პროცესი, რომელიც ოპოზიციური პარტიების ნაწილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმებით დასრულდა. საბოლოოდ, დღევანდელ მოცემულობამდე მოვედით, ვინაიდან იგივე ჩანაწერი აისახა საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგში და ასევე, მას შემდეგ, რაც ჩვენ შევიტანეთ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი, ამ 12-პუნქტიან გეგმაშიც გაიწერა იგივე წესი. გენპროკურორის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით, ანუ 90 ხმით და თუ ვერ ხდება ასეთი პირის 90 ხმით არჩევა, მაშინ 76 ხმით, მისი უფლებამოსილების ვადა იქნება ერთი წელი და ეს წესი უნდა მოქმედებდეს მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის ფარგლებში. ეს არის ამ ცვლილების ძირითადი არსი. დღეს უკვე რეგლამენტისა და კონსტიტუციის შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ წარვუდგენთ იგივე წესს ჩვენს საზოგადოებას. ავხსნით, რა ვალდებულებიდან გამომდინარეობს ამ წესის ინიცირება და ავხსნით, სამართლებრივად რა ხარვეზები და გამოწვევები შეიძლება, მოჰყვეს ამ წესის კანონად ქცევას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს. პარლამენტი თუ სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. მეორე და მესამე კენჭისყრა ტარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუგვიანეს 28-ე დღისა და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს. მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა ერთი წელი.

ამასთან, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს 19:00 საათზე, ქუთაისშიც გაიმართება.