ანრი ოხანაშვილი – სალომე ზურაბიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა მაშინაც, როდესაც ამხილა, რა ძალას წარმოადგენდა და ოპოზიციაში წავიდა

14:26, 31.10.2018

სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ დაგამარცხათ, დაგამარცხათ მაშინ, როდესაც გამხილათ, რა ძალას წარმოადგენდით და ოპოზიციაში წავიდა, – ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა.

ოხანაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი მებრძოლი და სამართლიანია და არავის მისცემს საშუალებას, ქვეყანა ძველ დროში დააბრუნოს.

„გუშინ და გუშინწინ ტირაჟირებდით, რომ თითქოს, აპირებდა კანდიდატურის მოხსნას. ოპოზიციაში არ შეგეგუათ და ბოლომდე იბრძოლა. რისი იმედი გაქვთ. ეს ქალი არის მებრძოლი, არის პრინციპული და სამართლიანი ადამიანი, რომელიც, რა თქმა უნდა, არ დაგითმობთ არც ერთი წუთით, რომ საქართველო დააბრუნოთ იმ დროში, როცა ავბედითად მართავდით ქვეყანას. ჩვენ გავიმარჯვებთ და სალომე ზურაბიშვილი გახდება საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან მისი თქმით, არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება „ქართული ოცნების“ სამარკო ნიშანია, რასაც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღნიშნავენ.

„თქვენც უსწორებთ ამას თვალს. თქვენს განცხადებაშიც ვნახეთ დღეს იგივე რიტორიკა, რომ არჩევნები ჩატარდა, მშვიდ და თავისუფალ გარემოში, განსხვავებით იმ გარემოსგან, როდესაც თქვენ სპეცრაზმის მეშვეობით აკონტროლებდით საარჩევნო უბნებს, დაშინების მეთოდებს იყენებდით, რომ ხალხი იძულების წესით მისულიყო. ეს დრო ჩაბარდა წარსულს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი უზრუნველყოფს, რომ ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარება შეუქცევადად გაგრძელდეს.

უმრავლესობის დეპუტატმა „ევროპულ საქართველოსაც“ მიმართა და აღნიშნა, რომ მათი ევროპელობა ფარსია.

„რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ რიტორიკასა და მოწოდებას – თქვენი ევროპელობა დასრულდა იმ დღეს, როდესაც გამოხვედით და განაცხადეთ, რომ მხარს უჭერთ „ნაციონალურ მოძრაობას“. თქვენს ვითომ ევროპელობას ფარდა აეხადა, როდესაც განაცხადეთ, რომ მხარს უჭერთ ადამიანს, რომელიც იქიდან ქადაგებს, აშანტაჟებს ხალხს და რა სიტყვით, რა მანერებით საუბრობს, ხომ არ დაგავიწყდათ ეს პერიოდი. ამიტომ თქვენი ევროპელობა არის ფარსი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, დეპუტატმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, რომლებმაც არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს დაუჭირეს მხარი.

მსგავსი