ანრი ოხანაშვილი - საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანაზიარი ვართ, რომ ამ ქვეყანაში აღარ უნდა მივიღოთ პოლარიზაცია, დაძაბულობა და საზოგადოების გახლეჩვა
ანრი ოხანაშვილი - საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანაზიარი ვართ, რომ ამ ქვეყანაში აღარ უნდა მივიღოთ პოლარიზაცია, დაძაბულობა და საზოგადოების გახლეჩვა

​პოლიციას ჰქონდა კანონიერი საფუძველი შესაბამისი საპოლიციო ღონისძიება განეხორციელებინა, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილმა ნიკა მელიას დაკავების შემდეგ საერთაშორისო გამოხმაურებებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

„ორ მნიშვნელოვან საკითხზე ჩამოვყალიბდეთ. ერთი – ვინმეს კანონისმიერი საფუძველი არ ჰქონდა, განეხორციელებინა დაკავების შესაბამისი ღონისძიება – ამასთან მიმართებით კითხვას არავინ სვამს. თუ თქვენ მეტყვით, რომ კითხვა დაისვა, რომ პოლიციას კანონიერი საფუძველი არ ჰქონდა, განეხორციელებინა რაიმე, ამაზე შეგვიძლია, ვიმსჯელოთ. მაგრამ ასეთი რამ არსად არ გვხვდება. პოლიციას ჰქონდა სრულად კანონისმიერი საფუძველი, კანონის ზედმიწევნით დაცვით, შესაბამისი საპოლიციო ღონისძიება განეხორციელებინა – ბრალდებული პირის დაკავება.

რაც შეეხება მეორე საკითხს, რა თქმა უნდა, ამ საკითხს აქვს თავისი მდგენელი, რომელიც უკავშირდება პოლიტიკურად აქტიური პირის დაკავების საკითხს. როდესაც საუბარია პოლიტიკურ სუბიექტზე, აქ რა თქმა უნდა, კონგრესმენებს გაუჩნდებათ შეკითხვები, ხომ არ აქვს ადგილი რაიმე პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივ იუსტიციას. ამასთან მიმართებით, ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ადამიანის ხელში იყო გირაოს გადახდის საკითხი. მან პირველად გირაო გადაიხადა, ანუ თქვა, რომ კანონს დაემორჩილება. თუმცა შემდეგ, რატომღაც, გადაწყვიტა, რომ მოქალაქე, რომელიც დღეს მაღაზიაში შევა და ქურდობას ან ძარცვას განახორციელებს, მან პასუხი უნდა აგოს. ხოლო სხვა მოქალაქემ, პოლიტიკოსად, რომ არის წოდებული, კანონი უნდა დაარღვიოს და პასუხი არ უნდა აგოს. ეს მოცემულობა შემოგვთავაზა ყველას საჯაროდ. ეს სამწუხარო რეალობაა. კანონის უზენაესობის პრინციპი ყველას გვავალდებულებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ჩვენს პარტნიორებს ამას ავუხსნით და ასახსნელი და დასამტკიცებელი არაფერი არ გვაქვს. მათ აქვთ წუხილი იმასთან დაკავშირებით, რაშიც ჩვენ ვართ თანაზიარი და ერთიანი, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ აღარ უნდა მივიღოთ პოლარიზაცია, დაძაბულობა და საზოგადოების გახლეჩვა. ეს არც ჩვენი ამოცანაა.

აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ამოცანაა, დიალოგი გავაგრძელოთ რაც უნდა არ ვეთანხმებოდეთ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით დიალოგი გავაგრძელოთ. ჩვენ სხვა გზა გარდა დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობისა არ გაგვაჩნია და არც არავინ განიხილავს სხვა გზას, გარდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მეშვეობით ამ საკითხების მოგვარების. ამისთვის მზად ვართ. მოვუსმენთ მათაც. რჩევებს, რეკომენდაციებს, როგორ შეიძლება, ერთი მხრივ, კანონის უზენაესობის პრინციპი დაცული და შენარჩუნებული იყოს, ასევე, როგორ შეიძლება, ჩვენ ამ ყველაფერში პოლიტიკური საკითხები არ შევიტანოთ და პოლიტიკურად როგორ შეიძლება, სიტუაცია განიმუხტოს. ამისთვის ჩვენ მზად ვართ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.