ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციამ, როგორც ჩანს, თავისი ფინანსური მხარდამჭერებისგან მიიღო გაფრთხილება, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ მოემზადებინათ
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციამ, როგორც ჩანს, თავისი ფინანსური მხარდამჭერებისგან მიიღო გაფრთხილება, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ მოემზადებინათ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფების ფარგლებში აქტიურად განიხილება საკითხები და საკანონმდებლო სივრცე იძლევა საშუალებას, რომ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს წინადადებების წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდეს.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ პარალელური პროცესის წარმართვა სამუშაო პროცესის მიმართ უპატივისმცემლობაა.

„სამუშაო ჯგუფების ფარგლებში აქტიურად განვიხილავთ საკითხებს და რა ლოგიკაა იმაში, რომ ყველაფრის გვერდის ავლით პარალელურად რაღაცის წარმოდგენა სურთ, თუმცა არც ამაშია პრობლემა. საკანონმდებლო სივრცე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ჰქონდეს წინადადებების შესაძლებლობა, ამაში შეზღუდული არ არიან, უბრალოდ, ეს არის დემონსტრირება არათანმიმდევრულობის, სამუშაო პროცესის უპატივცემულობის. მათ რამის წარმოდგენა თუ უნდოდათ, აქამდე რატომ არ წარმოადგინეს? რა პარალელურ პროცესს წარმართავენ, ეს მათი არჩევანია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, ანრი ოხანაშვილმა კომენტარი გააკეთა დეოლიგარქიზაციის კანონის უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით ოპოზიციის დამოკიდებულებაზეც.

„რაც შეეხება დეოლიგარქიზაციაზე ოპოზიციის პოზიციას, რომ ცვლილებებს არ წარმოადგენენ, ეს იმას ნიშნავს, რომ როცა უკრაინული მოდელი დაამუშავეს, მიხვდნენ, რომ კანონის ფარგლებში მათთან დაახლოებული თუ აფილირებული პირები მოხვდებიან. ისინი, ვინც მათ ფინანსურად მხარდაჭერას უცხადებენ. როგორც ჩანს, ამ ადამიანებისგან მიიღეს გაფრთხილება, რომ კანონპროექტი არ მოემზადებინათ. როგორც ჩანს, მათთვის უსიამოვნო აღმოჩნდა იმ კანონის რეგულირების ქვეშ მოქცევა, რომელიც მათ წარმოედგინათ. დეოლიგარქიზაციაზე ერთადერთი მოდელია უკრაინული და გაწერილია კრიტერიუმები, ვინ შეიძლება იყოს ოლიგარქი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ღია საზოგადოების ფონდის ოფისში „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ოპოზიციის წარმომადგენლები სავარაუდოდ ცალკე არ დაარეგისტრირებენ: „გავიზიარეთ სამოქალქო სექტორის პოზიცია და სავარაუდოდ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ჩვენი მხრიდან პარლამენტში არ დარეგისტრირდება“.