ანრი ოხანაშვილი - მოსამართლეობის კანდიდატები გასაუბრებაზე იმისთვის არ მოგვყავს, რომ კომფორტი შევუქმნათ
ანრი ოხანაშვილი - მოსამართლეობის კანდიდატები გასაუბრებაზე იმისთვის არ მოგვყავს, რომ კომფორტი შევუქმნათ

მოსამართლეობის კანდიდატები გასაუბრებაზე იმისთვის არ მოგვყავს, რომ ვინმეს კომფორტი შევუქმნათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენი ამოცანაა, თითოეულ კანდიდატთან სრულად ამოვწუროთ საზოგადოებაში, იურიდიულ საზოგადოებაში, ჩვენთან, პარლამენტის წევრებს შორის არსებული შეკითხვები და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ, ჩვენი მხარდაჭერა ვის ექნება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა დათვლილი, რამდენი ახალი მოსამართლე სჭირდება უზენაეს სასამართლოს ფუნქციონირებისთვის, რაც მას კოლაფსისგან გადაარჩენდა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ამის პროგნოზირება რთულია, რადგან აქ სხვადასხვა მიმართულებით ძალიან ბევრი გამოწვევაა.

„იმისთვის, რომ ხარისხიანი, ეფექტიანი მართლმსაჯულება განხორციელდეს, 28 მოსამართლეა საჭირო. თუმცა, ჩვენ მაღალი პროფესიონალიზმისა და გამორჩეული ბიოგრაფიის მქონე, კეთილსინდისიერი და ღირსეული კანდიდატები გვჭირდება. ეს არის ჩვენი ამოცანა და არა ის, რომ უზენაესი სასამართლო ისე დავაკომპლექტოთ, მსგავსი კვალიფიკაციის ადამიანები ვერ შევარჩიოთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, როდესმე გერმანული გამოცდილება გავიზიაროთ, როცა ნაცისტური რეჟიმის მოსამართლეებს შესთავაზეს, სრული პენსიით სახლში წასულიყვნენ, ან ერთ წელიწადში პასუხისგებაში მიეცემოდნენ, რაზეც ბევრი დათანხმდა, ხოლო პასუხისგებაში არავინ მიუციათ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ბევრნაირი მიდგომის არჩევა შეიძლებოდა, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა აირჩია.

„ჩვენი მთავარი ღირებულება იყო, ხელისუფლება ადამიანს მოექცეს არა ზუსტად იმავე ფორმით, როგორც ისინი სხვებს ექცეოდნენ, არამედ ისე, რომ მას გარკვეული გადაფასების შესაძლებლობა ჰქონდეს, შემდგომი განვითარების საშუალება მიეცეს და ა.შ. რა თქმა უნდა, აქ საუბარი არ არის დანაშაულზე. როცა გერმანელებთან მიმართებით საუბრობთ, ყველა იმ ადამიანს უმტკიცდებოდა დანაშაულის ჩადენა და რა თქმა უნდა, თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, ნებისმიერი პირი უნდა მიეცეს პასუხისგებაში. ჩვენი პასუხი არის ის, რომ სისტემას უნდა მიეცეს განვითარების საშუალება. დანაშაულის დადასტურება ძალიან რთულია, თუმცა, თუ ვინმეს დანაშაულის ჩადენა დაუდასტურდებოდა, რა თქმა უნდა, უმკაცრესად უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

შეკითხვაზე, ხდება თუ არა „ქართული ოცნება“ ლმობიერი მაშინ, როცა საქმე კონკრეტულ მოსამართლეებსა და ჩინოვნიკებს ეხება და ახდენს თუ არა ვიღაცების არჩევას, რათა მათ ადამიანურად მოექცეს, მაშინ, როცა პარალელურად ავითარებს რიტორიკას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებამ ყველა სფეროდან უნდა განდევნოს, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ წევრობასა და მათი რეჟიმის დროს მოსამართლეობას შორის დიდი სხვაობაა.

„თუ თქვენ იმას კითხულობთ, ვართ თუ არა ორიენტირებული იმაზე, რომ ოცი მოსამართლე შევარჩიოთ, პასუხი შემდეგია – ჩვენ მაღალი პროფესიონალიზმის მქონე, ღირსეული კანდიდატები შერჩევაზე ვართ ორიენტირებული. მე თითოეულ მათგანთან მაქვს ჩემი პირადი დამოკიდებულება, პირადი განწყობები და არ ვაპირებ, ოციდან ოცივეს დავუჭირო მხარი. პროცესი წინ გვაქვს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.