ანრი ოხანაშვილი - კვირის ბოლომდე საარჩევნო კოდექსში ცვლილებები უნდა დავასრულოთ, რაც იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებისთვის
ანრი ოხანაშვილი - კვირის ბოლომდე საარჩევნო კოდექსში ცვლილებები უნდა დავასრულოთ, რაც იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებისთვის

საქართველოს პარლამენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხილვას აგრძელებს. აღნიშნულ საკითხზე  დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ. საარჩევნო ცვლილებები ეუთო-ს რეკომენდაციებს ეფუძნება. რეკომენდაციები შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, მედიაკამპანიასა და საეთერო დროს, წინასაარჩევნო გარემოს, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციას, საარჩევნო დავების განხილვასა და არჩევნების მეორე ტურს. ამასთან, ცვლილებები ეხება პარტიების სახელმწიფო დაფინანსებას და გენდერულ კვოტებს.

„დღეს გვექნება პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით კენჭისყრა საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების და თანმდევი პროექტის. „ქართული ოცნების“ გუნდის მხრიდან ამ ცვლილებებს რა თქმა უნდა ექნება სრული მხარდაჭერა. ამის შემდგომ, უკვე მეორე მოსმენით ჩავატარებთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დღესვე ან ხვალ და ვფიქრობთ, რომ ამ კვირის ბოლომდე უნდა დავასრულოთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რაც იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საარჩევნო სისტემის გაჯანსაღების, საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის და რაც მთავარია, ეს ცვლილებები ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეუთო-ოდირის ყველა ძირითად რეკომენდაციას“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, „ევროპული საქართველო“ საარჩევნო კოდექსში მათი წინადადებების ასახვას ითხოვს. პარტიის წარმომადგენლის, სერგი კაპანაძის თქმით, საარჩევნო უბნებზე მოქალაქეების შეკრება უნდა შეიზღუდოს და დიდი უბნები დაიყოს.