ანრი ოხანაშვილი - ჩნდება ლეგიტიმური ეჭვები, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც კანონპროექტი დააინიცირეს, შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულება არ სურთ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვები, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება არ სურთ.
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის მიერ ამნისტიის კანონპროექტის თავიანთი ვერსიის დაინიცირებას გამოეხმაურა.
„ოპოზიციის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი ემსახურება ორ მიზანს. პირველი – ჩნდება ლეგიტიმური ეჭვები, რომ ამ ადამიანებს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულება არ სურთ, ვინაიდან დააინიცირეს კანონპროექტი, რომლითაც უნდათ, მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობა მოქალაქეებზე გადაიტანონ და დაზარალებულებს შეახოცონ ხელი – მორიგდებიან თუ არა ისინი პოლიციელთან ან პოლიციელი მოურიგდება თუ არა დაზარალებულს.
ეს არის უპასუხისმგებლობა ამ კონკრეტული ჯგუფების მხრიდან, ვინაიდან შეთანხმებაში წერია, რომ ამნისტია უნდა შეეხოს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა პირს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ამასთან, ოხანაშვილის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველანაირად ცდილობენ, რომ სახე შეუნარჩუნდეს ბრალდებულ ნიკანორ მელიას.
„კანონდამრღვევებს, რომლებიც კანონს არღვევენ და სახელმწიფოს პატივს არ სცემენ, ვერაფერი ვერ გაათეთრებს და სახე ვერ შეუნარჩუნდებათ. საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა ის კანონდარღვევები და სახელმწიფოს გამოწვევა, რომ დაარღვევს კანონს და ვერ დაიჭერენ, თუმცა სახელმწიფო დადგა მოწოდების სიმაღლეზე, დააკავეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული. შეთანხმების ტექსტში წერია, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა სამართალდარღვევას. ოთარ კახიძე სალომე სამადაშვილს ეკამათებოდა იმაზე, არსად წერია, რომ ვინმე უნდა გამოირიცხოსო. სჯობს, თავად გაარკვიონ. შეთანხმებაში ნათლად წერია, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით ყველა სამართალდარღვევა უნდა ამნისტირდეს. ეს ნიშნავს, რომ ეს რთული და მძიმე ფურცელი უნდა გადაიშალოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.