ანრი ოხანაშვილი - ჩემთვისაც არ არის მისაღები პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალება, რომელსაც სასჯელის ნახევარიც არ აქვს მოხდილი 
ანრი ოხანაშვილი - ჩემთვისაც არ არის მისაღები პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალება, რომელსაც სასჯელის ნახევარიც არ აქვს მოხდილი 

ვერ ვისაუბრებ შეწყალების კომისიის ნაცვლად, რადგან არ ვიცი, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით, რა არგუმენტით მიიღო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალების გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებაში ლეგიტიმური კითხვა გაჩნდა, რომ თუ კონკრეტულ მსჯავრდებულს აქვს ასეთი ხასიათის დანაშაული ჩადენილი, როგორ მოხდა შეწყალება.

დეპუტატი აღნიშნული გადაწყვეტილების არგუმენტის განმარტების საჭიროებაზე მიუთითებს.

„ვერ ვისაუბრებ შეწყალების კომისიის ნაცვლად, რადგან არ ვიცი, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით, რა არგუმენტით მიიღო პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება. ალბათ, განმარტება გაკეთდება და შეგვეძლება, მოვისმინოთ პოზიცია, რის საფუძველზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული. ლოგიკური იყო, რომ გაჩნდებოდა კითხვა, როცა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებას ეხება საქმე, რომელსაც თუ არ ვცდები, სასჯელის ნახევარიც არ ჰქონდა მოხდილი. საინტერესოა, ამას თუ მოჰყვება განმარტება და რა ტიპის განმარტებები გაკეთდება ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მსჯავრდებულთა შეწყალების რეკორდული მაჩვენებლით გამოირჩეოდა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა უსაფრთხოების პრინციპს.

„ეს შემთხვევა, ჩემთვისაც არ არის მისაღები პოლიციელის მკვლელობაში მსაჯვრდებული პირის შეწყალება, რომელსაც სასჯელის ნახევარიც არ აქვს მოხდილი. შედარება პრეზიდენტ მარგველაშვილისა და ზურაბიშვილის იმ კონტექსტში, თუ ვინ როგორ იყენებს შეწყალების უფლებას, ფაქტია, რომ რეკორდული მაჩვენებელი ჰქონდა მარგველაშვილს და სახელმწიფოებრივი მიდგომა არ ჰქონდა თავისი უფლებამოსილების გამოყენების დროს. ის სამართლებრივი უსაფრთხოების კონცეფციას, ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა თავისი რეკორდული შეწყალებებით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მაქვს დამოკიდებულება იმაზე, როდესაც პოლიციელის მკვლელის შეწყალება ხდება. ეს არ არის ჩემთვის მისაღები. თუმცა, იმისთვის, რომ ვინმე გავაკრიტიკო, მაინტერესებს განმარტება, რაზე დაყრდნობით მოხდა ეს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საქმე ეხება 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ შემთხვევას, როდესაც 22 წლის პოლიციელი თარაშ მუკბანიანი მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ რამაზ დევაძეს მასთან შელაპარაკება მოუვიდა, ჩხუბის დრო მას სამსახურებრივი იარაღი წაართვა და თავის არეში ჭრილობა მიაყენა. მუკბანიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

დატოვე კომენტარი