ანრი ოხანაშვილი - ახლაც იკვეთება ზოგიერთი რადიკალური ოპოზიციური ჯგუფი, რომელსაც სურს შეთანხმების აღსრულების ჩაშლა, ამის უფლებას არ მივცემთ
ანრი ოხანაშვილი - ახლაც იკვეთება ზოგიერთი რადიკალური ოპოზიციური ჯგუფი, რომელსაც სურს შეთანხმების აღსრულების ჩაშლა, ამის უფლებას არ მივცემთ

„ქართული ოცნების“ სულისკვეთებაა, რომ შეთანხმება უნდა შესრულდეს, არავის მივცემთ საშუალებას, სცადონ მიღწეული შეთანხმების აღსრულების ჩაშლა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, გაიმართა საქმიანი შეხვედრა, რათა შესრულდეს პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებული დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულება.

ანრი ოხანაშვილის განმარტებით, „ქართული ოცნება“ რჩება შეთანხმების ერთგული, რაც ნიშნავს ამნისტიის აქტის გამოცემას და ყველა პირზე თანაბრად გავრცელებას.

ოხანაშვილი განმარტავს, რომ ამავდროულად, დაცული იქნება კონვენციურ მუხლებთან მიმართებაში საერთაშორისო სტანდარტი.

„ქართული ოცნების“ მზაობა როგორიც იყო მოლაპარაკებათა მაგიდასთან, რომ მიღწეულიყო შეთანხმება, და ჩვენ მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას ევროკავშირის ეგიდით, არც ერთ რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფს არ მივეცით იმის შესაძლებლობა, რომ ჩაშლილიყო შეთანხმება, რისი სურვილიც ჰქონდათ, ამავე სულისკვეთებით ვაგრძელებთ მუშაობას. დღეს იყო საქმიანი შეხვედრა, რათა შესრულდეს დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რაზეც ჩვენ ყველამ ხელმოწერა განვახორციელეთ.

„ქართული ოცნება“ რჩება ერთგული შეთანხმების, იმ ხელმოწერის, რაც განვახორციელეთ, რაც ნიშნავს ამნისტიის აქტის გამოცემას და ამნისტიის აქტის, როგორც შეთანხმებაშია ჩადებული, ყველა პირზე და სამართალდარღვევაზე გავრცელებას. თუ იკითხავთ, კონვენციურ მუხლებთან მიმართებაში საერთაშორისო სტანდარტი იქნება თუ არა დაცული, რა თქმა უნდა, ამაზე ერთმნიშვნელოვნად ჩვენი პოზიციაა, რომ კონვენციის დათქმა უნდა ჩაიწეროს, ამასთან დაკავშირებით შევთანხმდით კიდეც და ორი აზრი არ არსებობს. საუბარია წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, დამამცირებელ მოპყრობასა და ა.შ. იმაზე, რაც დაკავშირებულია კონვენციის მეორე, მესამე მუხლის შესაძლო დარღვევასთან. თუ დადგინდება, რომ შესაძლოა, ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, არ შეეხებათ, კონვენციური სტანდარტი იქნება დაცული, თუმცა გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, როგორც ეს წერია ტექსტში ერთი ერთში. ვერც ერთი პოლიტიკოსი, როდესაც მას სავარაუდოდ, ჩადენილი აქვს მძიმე კატეგორიის დანაშაული, ვერანაირად ვერ იქნება პრივილეგირებული სხვა რომელიმე პირთან, თუნდაც პოლიციელთან მიმართებაში. ამიტომ, სტანდარტი და მიდგომა იქნება ყველასთვის ერთიანი.

ჩემი პოზიცია და „ქართული ოცნების“ სულისკვეთებაა, რომ შეთანხმება უნდა შესრულდეს, არავის არ მივცემთ საშუალებას, თუ აქამდე ცდილობდნენ, რომ შეთანხმება არ შემდგარიყო და ჩაშლილიყო, ახლა ვინმემ სცადოს მიღწეული შეთანხმების აღსრულების ჩაშლა. ეს სულისკვეთება გვაქვს ჩვენ, ჩვენ ვართ ერთგული ევროპული ღირებულებების და იმის, რომ ამნისტია უნდა გამოიცეს, ამნისტია გამოიცემა და გავრცელდება ყველაზე თანაბრად, ყველა პირზე და ყველა დარღვევაზე, გარდა იმ კონვენციური მიდგომისა, რაზეც ვთანხმდებით, სხვა დეტალები არის საქმიანი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის განმარტებით, გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა პოზიციების შეჯერების  რესურსი არსებობს.

„როგორც ჩაიწერა დოკუმენტში, რომ შეეხოს ყველას და ყველაფერს, გარდა საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი წესისა, ამას შევასრულებთ. ჩვენ ულტიმატუმების ენით საუბარი უნდა ჩავაბაროთ წარსულს. აქ ულტიმატუმების ენით საუბრის უფლებას არავის მივცემთ. არც ერთ ადამიანს, ვინც აქ იყო ოპოზიციის მხრიდან, არ უსაუბრია ულმტიმატუმის ენით და ვერ ისაუბრებენ, ამის უფლება არავის აქვს, ჩვენ ვართ მოწოდებული, შეთანხმება შესრულდეს იმ მარტივი კონსტრუქციით, როგორც წერია შეთანხმებაში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა და დასძინა, რომ შეთანხმების ჩაშლის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

„გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ იყო მოწადინებული, შემდგარიყო შეთანხმება, იყვნენ ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც ამ შეთანხმებას ხელს უშლიდნენ, ახლაც იკვეთება ზოგიერთი რადიკალური ოპოზიცური ჯგუფი, რომელსაც სურს აღსრულების ჩაშლა, ამის უფლებას არ მივცემთ, შეთანხმების ჩაშლის არანირი საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.