„ანორთოსისმა“ ლიდერთან ფრედ ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის ფინალური ექვსეულის ლიდერთა ჯგუფში ნიქოზიასომონიამ“ თემურ ქეცბაიას „ანორთოსისს“ უმასპინძლა და მატჩი ფრედ დასრულდა – 0:0. ამით ორივე გუნდმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

„ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში ქეცბაიამ ოთხივე ქართველი დააყენა – გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია (88-ე წუთზე შეცვალეს).

საბოლოოდ, მთავარი გმირები მეკარეები გახდნენ, რომლებმაც მატჩის შედეგზე დიდი გავლენა მოახდინეს. „ომონიამ“ მატჩი უკეთ დაიწყო, მაგრამ სწრაფი გოლის გატანის რეალური შანსი „ანორთოსისს“ ჰქონდა – მე-7 წუთზე ფლანგური გადაცემის დაგვირგვინება ქვილითაიას შეეძლო, მაგრამ ახლოდან დარტყმული „ომონიას“ მეკარე ფაბიანომ მოიგერია და გუნდი აშკარა გოლისგან გადაარჩინა. 27-ე წუთზე ოქრიაშვილმა სცადა „მაკრატელათი“ გატანა, მაგრამ მიზანს ააცილა.

53-ე წუთზე გიორგი ლორიამ სახიფათო გადაცემა ჩაჭრა და თავდამსხმელს გატანის შანსი არ მისცა. 57-ე წუთზე „ანორთოსისმა“ მორიგი მწვავე შეტევა განავითარა – ოქრიაშვილის წამოწყებული შეტევის დაგვირგვინება ქვილითაიამ სცადა, რომელმაც ბურთი საჯარიმოში მიიღო და დაუხანებლად დაარტყა, მაგრამ ფაბიანომ კვლავ მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და გუნდი კიდევ ერთხელ იხსნა.

მატჩის ბოლოს გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. 92-ე წუთზე ფაბიანომ „ანორთოსისის“ შემტევის, ჯოზეფ ჰუსბაუერის ორიოდე მეტრიდან დარტყმული ბურთი მოიგერია, ხოლო ლორია ფოტის პაპულისის ასევე ახლოდან გასროლას გადაეღობა და საბოლოოდ, მატჩი 0:0 დაასრულა.

ფინალური ეტაპის მეორე ტურის შემდეგ „ანორთოსისმა“ 2 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა. რეალურად, გუნდმა ქულაზე მეტი დაკარგა, რადგან დაწინაურების და „ომონიას“ გადასწრების შანსი ხელიდან გაუშვა, ნიქოზიელებმა კი 4 ქულა დააგროვეს და გალიდერდნენ.