„ანორთოსისის“ მთავარი აქციონერი - „გენტი“ ქვილითაიას ტრანსფერში 2.5 მილიონს ითხოვს #1TVSPORT
გიორგი ქვილითაიას მომავალი ჯერაც გაურკვეველია. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის შენარჩუნება კვიპროსულ „ანორთოსისს“ სურს, მაგრამ „გენტის“ საკუთრებაში მყოფ თავდამსხმელს იჯარის ვადა დაუსრულდა, ბელგიური კლუბი კი ძალიან დიდი თანხას ითხოვს, – ამის შესახებ ფამაგუსტელთა მთავარმა აქციონერმა, ევგენიოს ამბულასმა განაცხადა.
„ქვილითაიას შენარჩუნება ძალიან გვსურს, მაგრამ მისი ტრანსფერი ბელგიურ „გენტს“ ეკუთვნის. ამ გუნდის ხელმძღვანელებმა კი გვითხრეს, რომ მათი მიზანი ქვილითაიას 2.5 მილიონ ევროდ გაყიდვაა“, – განაცხადა ამბულასმა.
„ანორთოსისის“ მთავარმა აქციონერმა განაცხადა, რომ მოვლენების განვითარებას დაელოდებიან: „ზოგიერთი ტრანსფერის შემთხვევაში, „ანორთოსისის“ ტაქტიკა იქნება … მოთმინება. დიახ, მოთმინება, რადგან ბელგიელების პასუხის შემდეგ ჩვენს პრეზიდენტს, პულაიდისს დავურეკე, მან კი მითხრა, მოიცადეო და მეც ვიცდი. ქვილითაიას მსგავსი მოთამაშეები ბაზარზე სატრანსფერო „ფანჯრის“ ბოლოს გამოჩნდებიან. ასევე იყო გასულ წელსაც. ჩვენი მწვრთნელის წინადადებაა, შევცვალოთ სატრანსფერო „ფანჯრის“ ვადები, რაც კვიპროსის საფეხბურთო კავშირს უკვე ვაცნობეთ“.