თემურ ქეცბაია - შევეცდები, „ანორთოსისში“ სხვა ტიტულებიც მოვიპოვოთ #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - შევეცდები, „ანორთოსისში“ სხვა ტიტულებიც მოვიპოვოთ #1TVSPORT

„ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც ახალ სეზონში გუნდის მიზანად ჩემპიონობის მოპოვება დაასახელა.

„ორი წლის განმავლობაში ვცდილობდით, რომ გუნდი დაბრუნებულიყო იმ პოზიციაზე, რასაც „ანორთოსისი“ იმსახურებდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ წელს თასი მოვიპოვეთ. პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ ტიტულები გვჭირდებოდა. ჩვენ კიდევ ორი წელი გავაგრძელეთ თანამშრომლობა და შევეცდებით, ამ პერიოდში ჩვენი გუნდი ჩემპიონატის მთავარი გმირი გახდეს და სხვა წარმატებებს მიაღწიოს. მადლობას ვუხდი ბატონ პულაიდისს, რომელიც კიდევ ორი წლის განმავლობაში მენდო. შევეცდებით სხვა ტიტულებიც მოვიპოვოთ“, – განაცხადა ქეცბაიამ.

პრესკონფერენციაზე, გუნდის მთავარ აქციონერს, ევგენიოს ამბულასს დაუსვეს კითხვა იმ ჭორების შესახებ, რომლებიც თასის ფინალამდე არსებობდა – თითქოს, ის ქეცბაიას დარჩენას მხარს არ უჭერდა.

„ეს სიმართლეს არ შეესაბამება. კონტრაქტის განახლება იმიტომ არ გადაიდო, რომ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა ქეცბაიას მუშაობის ეფექტურობაში. ეს შემოსავლების გამოც არ მომხდარა. მნიშვნელოვანი იყო, რომ თემურთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მისთვის ყველანაირად მხარი დაგვეჭირა. როდესაც ფინანსური პრობლემებია, მხოლოდ ერთ ადამიანს ვერ ვენდობით. მას შემდეგ, რაც გასულ წელს ბევრი დანაკარგი გვქონდა, გუნდის პრეზიდენტთან, პულაიდისთან და დირექტორთა საბჭოსთან კონსულტაციები გავმართე. გვინდოდა დავრწმუნებულიყავით, რომ ძლიერი სქემის შესაქმნელად ჩვენი ბიუჯეტი ქმედითუნარიანი იქნებოდა. „ანორთოსისის“ გასაძლიერებლად ახალი კონტრაქტების გაფორმებას ოთხშაბათიდან დავიწყებთ“, – უპასუხა გუნდის მთავარმა აქციონერმა.