„ანორთოსისის“ დირექტორთა საბჭოს ექსწევრი - დაუყოვნებლივ გაუხანგრძლივეთ ქეცბაიას კონტრაქტი
„ანორთოსისის“ დირექტორთა საბჭოს ექსწევრი - დაუყოვნებლივ გაუხანგრძლივეთ ქეცბაიას კონტრაქტი

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მენეჯმენტისგან, თემურ ქეცბაიასთან კონტრაქტის დაუყოვნებლივ გახანგრძლივება გუნდის დირექტორთა საბჭოს ყოფილმა წევრმა, მამას პატერასმა მოითხოვა. მან სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა და შესაბამისი დასაბუთებით სცადა იმის ახსნა, გუნდის ხელმძღვანელებისგან ამ ნაბიჯს რატომ ითხოვს.

„მე გთავაზობთ გავაკეთოთ ის, რაც თავის დროზე ჩვენ გავაკეთეთ და წარმატებასაც მივაღწიეთ. ცალკეული გულშემატკივრებისთვის ყურადღების მიქცევა არ ღირს. სწორი იქნება, დაუყოვნებლივ გაახანგრძლივოთ კონტრაქტი გუნდის მწვრთნელთან – ეს იქნება შეტყობინება ყველა მიმართულებით, მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ ესმის, რომ „ანორთოსისს“ მართავს შესაბამისი საბჭო და არა სხვები, ფეხბურთელები თუ გულშემატკივრები. ეს არის ის, რაც ჩვენ წლების წინ გავაკეთეთ და ყველასათვის ცნობილ წარმატებებს მივაღწიეთ“, – წერს „ანორთოსისის“ დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრი.

მამას პატერასის აზრით, ქართველი სპეციალისტი გუნდს ლიდერებში დაამკვიდრებს:

„ქეცბაიას აქვს დიდი გამოცდილება და იმ წარმატებებს მიაღწია, რითაც ყველანი ვამაყობთ. ანორთოსისის მცხოვრებლებს ამიტომაც უყვართ. ჩვენ ყველანი ვაკვირდებოდით 2009 წლიდან, თემურის წასვლის შემდეგ ჩვენი გუნდის შედეგებს და მწვრთნელების თანმიმდევრული ცვლილებებს, რაც დიდ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვდა, შედეგი კი არ იყო.

როგორც დირექტორთა საბჭოს ყოფილმა წევრმა მრავალი წლის გამოცდილებით, მე მივწერე გუნდის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, რა სჭირდება „ანორთოსისს“ წარმატების მისაღწევად – 1. მდგრადი მენეჯმენტი მინიმუმ ხუთი წლით. 2. ღირსეული მწვრთნელი ნაცნობი ღირებულებებით, როგორიც თემურ ქეცბაია არის (ექსპერტებმა ის ევროპის მე-4 საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს). 3. გუნდს უნდა ჰყავდეს მინიმუმ სამი კვიპროსელი მოთამაშე“, – ამტკიცებს „ანორთოსისის“ დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრი.