ანჯეი დუდამ პოლონეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და მისი მოადგილე შეიწყალა
ანჯეი დუდამ პოლონეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და მისი მოადგილე შეიწყალა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ პოლონეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მარიუშ კამინსკი და მისი მოადგილე მაცეი ვონსიკი შეიწყალა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

დუდამ ციხიდან მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

„მივმართავ იუსტიციის მინისტრსა და გენერალურ პროკურორს, დაუყოვნებლივ დაიწყონ ამ საქმეზე შემდგომი ქმედებები. მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ დაემორჩილონ პრეზიდენტის ბრძანებას. დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ისინი, განსაკუთრებით, მარიუშ კამინსკი ჯანმრთელობის მიზეზების გამო. ვწუხვარ, რომ ჩემი მოწოდების, მძიმე შიმშილობის და კამინსკის ჰოსპიტალიზაციის მიუხედავად, იუსტიციის მინისტრს ის აქამდე არ გაუთავისუფლებია“, – აღნიშნა დუდამ.

ცნობისთვის, პოლონეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მარიუშ კამინსკი და მისი ყოფილი მოადგილე მაცეი ვონსიკი პოლიციელებმა 9 იანვარს ქვეყნის პრეზიდენტის სასახლეში დააკავეს. კამინსკი და ვონსიკი სასამართლომ 2023 წლის დეკემბერში ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ხელმეორედ ცნო დამნაშავედ. საქმე ეხება იმ პერიოდს, როდესაც ისინი ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელობდნენ. მათ ორ-ორი წლით პატიმრობა მიესაჯათ. თავად კამინსკი და ვონსიკი სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ, რადგანაც ისინი მათ საქმეზე პირველი განაჩენის შემდეგ, 2015 წელს პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ შეიწყალა. პრეზიდენტის სასახლეში დაკავების შემდეგ ორივე პოლიტიკოსმა შიმშილობა გამოაცხადა.