ანჯეი დუდა - უკრაინაში „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანდგურებლების გაგზავნა არის ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება, რომლის მიღება მარტივი არ არის რიგი ფაქტორების გამო
უკრაინაში „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანდგურებლების გაგზავნა არის ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება, რომლის მიღება მარტივი არ არის რიგი ფაქტორების გამო, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო თვითმფრინავების მიწოდების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს უკრაინის მოკავშირეების ერთობლივი გადაწყვეტილება და არა გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება, მიიღოს რომელიმე ცალკეულმა ქვეყანამ.
„პრობლემა, ჩვენი გადმოსახედიდან, სხვაა – პირველ რიგში, მიგვაჩნია, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ამისთვის საჭიროა მოკავშირეების გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს, რომ ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ასევე, რადგან „ეფ-16“-ებს სჭირდება მოვლა, თუ ისინი სადმე განლაგდებიან, საქმე ეხება არა მხოლოდ თვითმფრინავებს, არამედ მოვლასაც. ამიტომ ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე თვითმფრინავის გაგზავნა“, – თქვა ანჯე დუდამ.
ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია, ომი მოიგოს, თუ დასავლეთი უკრაინას სასწრაფოდ არ მიაწვდის ყველა საჭირო იარაღს.
„როდესაც ემანუელ მაკრონი პუტინზე საუბრობს, შეიძლება, იფიქროს, რომ შეთანხმება შესაძლებელია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პუტინთან შეთანხმება შეუძლებელია. ვფიქრობ, ერთადერთი, რაც შეიძლება, გაკეთდეს რუსეთის შესაჩერებლად, არის უკრაინის მხარდაჭერა“, – აღნიშნა ანჯეი დუდამ.