ანიელი - სუპერლიგა ინგლისური კლუბების გარეშე ვერ იარსებებს #1TVSPORT
„იუვენტუსის“ პრეზიდენტმა და ევროპის სუპერლიგის ვიცეპრეზიდენტმა, ანდრეა ანიელიმ ახალი საკლუბო ტურნირის პერსპექტივაზე კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ სუპერლიგაში მონაწილეობაზე ყველა ინგლისურმა გრანდმა უარი განაცხადა.
„სიმართლე გითხრათ, ცხადია, რომ ინგლისური კლუბების მონაწილეობის გარეშე, ამ ტურნირის ჩატარება შეუძლებელია“, – მოჰყავს „როიტერს“ ევროპის სუპერლიგის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორისა და ორგანიზატორის, ანდრეა ანიელის სიტყვები.
19 აპრილს გამოცხადდა პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ევროპის სუპერლიგის დაარსება, რომლის ხელმძღვანელი მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი უნდა ყოფილიყო.
თავდაპირველად, ტურნირში მონაწილეობას აპირებდნენ – „რეალი“, „ბარსელონა“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მილანი“, „ჩელსი“, „არსენალი“, „ატლეტიკო“, „ინტერი“ და „ტოტენჰემი“. ახალი ტურნირის იდეამ უეფა-ს, ფიფა-ს და მთელი საფეხბურთო სამყაროს აღშფოთება გამოიწვია.