ანგელა მერკელმა ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან შექმნილი ვითარება განიხილა
ანგელა მერკელმა ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან შექმნილი ვითარება განიხილა

ანგელა მერკელმა ვლადიმირ ზელენსკისთან უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან შექმნილი ვითარება განიხილა. გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა უკრაინის პრეზიდენტი, რომ ბერლინი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას.

მერკელისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას, გერმანიის მთავრობის პრესსპიკერ შტეფან ზაიბერტზე დაყრდნობით, „როიტერი“ ავრცელებს.

გერმანიის მთავრობის პრესსპიკერ​ის თქმით, მერკელმა ზელენსკისთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა შედეგების გარეშე არ ჩაივლის.

მერკელმა და ზელენსკიმ ასევე ისაუბრეს მოლაპარაკებების ე.წ. ნორმანდიული ფორმატის ძალისხმევის წინ წაწევის აუცილებლობაზე, რათა მინსკის შეთანხება შესრულდეს.

ლიდერებმა ასევე იმსჯელეს ბელარუსისა და ევროკავშირის და ბელარუს-უკრაინის საზღვარზე არსებული მდგომარეობის შესახებ.

მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისთვის, თუ უკრაინის საზღვრებთან ან ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბება.