ანგელა მერკელი - ვირუსთან ბრძოლა ომის პერიოდის სოლიდარობას ითხოვს, მიიღეთ ეს სერიოზულად
ვირუსთან ბრძოლა ომის პერიოდის სოლიდარობას ითხოვს, – აღნიშნული განცხადება გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გააკეთა. მან გერმანიის მოქალაქეებს მოუწოდა, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილი შეიტანონ. მისი თქმით, ამას ისინი მთავრობის მიერ დაწესებული წესების დაცვით გააკეთებენ.
ანგელა მერკელის თქმით, სოციალური კონტაქტების შემცირების გზით, გერმანიის მოქალაქეები ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლას ხელს შეუწყობენ.
„მიიღეთ ეს სერიოზულად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა არასდროს დამდგარა მსგავსი გამოწვევის წინაშე, როდესაც სოლიდარობა ასეთი გადამწყვეტია“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.
კორონავირუსთან საბრძოლველად გერმანიაში უპრეცედენტო ზომები უკვე მიიღეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გერმანიაში ახალი კორონავირუსის 12 327 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია 28 ადამიანი.