ანგელა მერკელი - სანამ ჟურნალისტის მკვლელობაზე კითხვები არსებობს, ბერლინი საუდის არაბეთში იარაღის ექსპორტს აჩერებს 
ანგელა მერკელი - სანამ ჟურნალისტის მკვლელობაზე კითხვები არსებობს,  ბერლინი საუდის არაბეთში იარაღის ექსპორტს აჩერებს 

გერმანიის კანცლერის თქმით, სანამ ჟურნალისტის მკვლელობასთან დკავშირებით კითხვები არსებობს, ერ-რიადსთვის იარაღის მიწოდება დაუშვებელია.

პრესკონფერენციაზე გამოსვლისას გერმანიის მთავრობის მეთაურმა მკაცრად დაგმო ჯამალ ხაშოგის მკვლელობა და განაცხადა, რომ ბერლინი საუდის არაბეთში იარაღის ექსპორტს აჩერებს.

„პირველ რიგში ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ამ აქტს. მეორე, როგორც გუშინ ვთქვი, აუცილებელია სიტუაციას ნათელი მოეფინოს და გავარკვიოთ, რა მოხდა. ამ ეტაპზე ჯერ ძალიან შორს ვართ დამნაშავეების დასჯისგან. და მესამე, მე ვეთანხმები ყველას, ვინც ამბობს, რომ ასეთ სიტუაციაში აუცილებელია იარაღის ექსპორტის შეჩერება“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

შეგახსნებთ,  არაბი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი, სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. ერ- რიადში ამბობენ, რომ ადამიანებმა, ვინც ეს გააკეთეს უფლებამოსილებას გადაამეტეს, ხოლო ხელისუფლება ინფორმირებული არ ყოფილა.